ახალი ამბები

ორი ძირი მარიხუანას კულტივაციის ბრალდება – კაცს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

27 ივნისი, 2021 • 7135
ორი ძირი მარიხუანას კულტივაციის ბრალდება – კაცს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

31 წლის გიორგი სლოევი მიმდინარე წლის 15 აპრილს, მარიხუანას კულტივირების ბრალდებით დააკავეს. თუმცა სლოევის ადვოკატი, ასევე  მეუღლე და  ერთ-ერთი მეგობარი ამბობენ, რომ მარიხუანა რეალურად არა სლოევს, არამედ სლოევის მეგობარს გიორგი ჯიმშიაშვილის (იგივე მწვანე) ეკუთვნოდა და დაკავებულს მასთან შეხება არ ჰქონია. ამასთან, ადვოკატი და მეუღლე ამბობენ, რომ დაკავების და ჩვენების მიცემის მომეტში პოლიციამ სლოევზე და მის ორ მეგობარზე იძალადა და ამ გზით მოიპოვა ცრუ ჩვენებები სლოევის წინააღმდეგ.

დაკავებულის ადვოკატი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ სლოევი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით პირველად 3 წლის წინ აჭარაში დააკავეს, შემდეგ კი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. ადვოკატის, ბადრი გრიგალაშვილის თქმით, სლოევის დაკავებაში ამჯერადაც ის პირები მონაწილეობდნენ, ვინც 3 წლის წინ აჭარაში. ოჯახი ამბობს, რომ 3 წლის წინ დაკავებისას სლოევს ნარკოტიკული საშუალებები პოლიციამ “ჩაუდო”.

“კონკრეტულად ვერაფერს ვუკავშირებთ, მაგრამ ფაქტია, რომ არის უცნაური გარემოებები, მაგალითად ის, რომ ჯერ კიდევ 3 წლის წინ, სლოევი აჭარაში ვაკე-საბურთალოს პოლიციამ დააკავა, ახლაც იგივე განყოფილებამ დააკავა გლდანში, როცა ორივე შემთხვევაში აჭარაშიც და გლდანშიც სხვა განყოფილებები მუშაობენ. ფაქტია, რომ რაღაც საეჭვო ვითარებაა, თუმცა კონკრეტულად არაფერი ვიცი, რადგან ვერც ოჯახი უკავშირებს სლოევის დაკავებას ვერაფერს და ვერც თავად სლოევი”, – განმარტა გრიგალაშვილმა.

ამჟამად სლოევს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) აქვს წარდგენილი, რაც 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თუმცა მისი ადვოკატი, მეუღლე და მეგობარი ამ გარემოებასაც უსამართლობად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მარიხუანას, რომელიც საქმეში ფიგურირებს, მათრობელა ნივთიერება, რომელიც მცენარის ყვავილს აქვს და რომლის მოყვანაც დასჯადია, ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოღებული. პოლიციამ კი მარიხუანა ფესვებიანად აწონა, რის გამოც წონამ იმდენად მოიმატა, რომ მისი კულტივირება სისხლის სამართლის დანაშაულს მიაკუთვნა.

“ზოგადად უნდა იზომებოდეს ის ნივთიერება, რომელიც არის მათრობელა, მაგრამ საქართველოში მარიხუანას ძირებს წონიან ფესვებიანად და ამის გამო ხვდება იმ ოდენობაში, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ბრალი წაუყენონ სისხლის სამართლის წესით”, – განმარტა გრიგალაშვილმა.

იგივეს ამბობს სლოევის მეგობარი, გიორგი ჯიმშიაშვილი რომელიც “ნეტგაზეთთან” ადასტურებს, რომ მარიხუანა სწორედ მას ეკუთვნოდა.

“ამ მარიხუანას მათრობელა თვისებები საერთოდ არ გააჩნდა და არც მისი მოწევა შეიძლებოდა, არც არსებობს ამის რაიმე მტკიცებულება”, – ამბობს ჯიმშიაშვილი.

როგორც ჯიმშიაშვილი განმარტავს ის მუსიკოსია და სლოევის დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე სწორედ საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე იქირავა ბინა. მოგვიანებით კი მარიხუანის ორი ძირი, რომელიც მანამდე საკუთარ სახლში მოჰყვადა საჭირო ინსტრუმენტებთან ერთად იმ ბინაში გადაიტანა, სადაც სლოევი დააკავეს.

“მე ვთხოვე გიორგის, რომ ჩემთვის ბინა ექირავებინა, თუმცა არ ეცალა და მისმა მეგობარმა იქირავა. შემდეგაც 3 თვის განმავლობაში ყოველ დღე მე დავდიოდი ამ ბინაში და ეს ყველამ იცის. როცა გიორგი დააკავეს, მაგ პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ვერ მოვახერხე ასვლა და ჩემ სხვა მეგობარს ვთხოვე ბინაში წყლის ატანა. გიორგი სლოევმა თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, რომ ავიდოდა ბინაში. ყველანაირი ორდერის და საბუთის გარეშე, ისე, რომ ბინის რეალურმა მფლობელმაც არ იცოდა, ზუსტად ამ დროს დააკავეს გიორგი. როგორც ჩანს უთვალთვლალებდნენ და როცა ნახეს, რომ ისეთ ადგილას იქნებოდა, სადაც მარიხუანა იყო, მაშინ დააკავეს. თუმცა რეალურად ეს მარიხუანა ჩემია და ამას არც ვმალავ”, – ამბობს ჯიმშიაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სლოევის დაკავების შესახებ შეიტყო, მის ოჯახს აცნობა, რომ მარიხუანა სწორედ მას ეკუთვნოდა და იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ ბინის ქირას, სადაც სლოევი დააკავეს, თავად იხდიდა, ადვოკატსაც წარუდგინა. ჯიმშიაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ მზად არის სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით წარსდგეს, თუმცა ის ამ დრომდე არ დაუბარებიათ გამოკითხვაზე.

“მოვიძიე ყველანაირი მტკიცებულება და ადვოკატს მივუტანე, მან სასამართლოში წარადგინა, მაგრამ 3 თვეა აჭიანურებენ პროცესს. იციან, რომ არ არის დამნაშავე და სადამდეც შეუძლიათ, მაქსიმალურად წელავენ პროცესებს და გვაწვალებენ”, – განმარტავს ჯიმშიაშვილი.

სლოევის მეუღლე, ქეთევან მინდიაშვილი ამბობს, რომ დაკავებისას მის ქმარზე და ორ მოწმეზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა. თუმცა მისი თქმით, ამის დასადასტურებლად ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

“თვითონ [პოლიციამ] დაწერა ეს ჩვენებები და შემდეგ ხელი მოაწერინეს ამათ მუქარის და ფიზიკური ძალადობის საფუძველზე. მოწმე რომ ეუბნებოდა ჯიმშიაშვილზე, რომ მისი არის მარიხუანა, ჩვენებაში ჩემი მეუღლის გვარს უწერდნენ. სასამართლოზეც დაადასტურებენ ამას. ჩემს მეუღლეზეც ფიზიკურად იძალადეს, წყლიანი ბოთლით სცემეს. განყოფილებაში რომ მივედი მეც დამემუქრნენ, რომ დამაკავებდნენ. მითხრეს, მადლობელი იყავი გარეთ რომ ხარო იმიტომ, რომ შენც ყიდიო”, – განმარტა მინდიაშვილმა.

მისი თქმით, მოწმეებმა ძალადობასთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციასაც მიმართეს, თუმცა, მათი ინფორმაციით, ინსპექტორის სამსახურმა ექსპერტიზის ჩატარება საჭიროდ არ ჩათვალა. მინდიაშვილის განცხადებით გამოძიებას ამ დრომდე არაფერი დაუდგენია.

ამ საქმეზე შსს-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი