ახალი ამბები

“არ ვცნობთ ყირიმის ანექსიას” – ჯონსონი შავი ზღვის ინციდენტს განმარტავს

25 ივნისი, 2021 • 1178
“არ ვცნობთ ყირიმის ანექსიას” – ჯონსონი შავი ზღვის ინციდენტს განმარტავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მხარს უჭერს ცურვის გაგრძელებას შავი ზღვის იმ ნაწილში, რომელიც, ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, რუსული აკვატორიაა და ბრიტანულ გემებს ცეცხლს გაუხსნის, “პროვოკაციული მოქმედებების” გაგრძელების შემხვევაში.

ჯონსონის განცხადებით, ბრიტანული ფლოტი წარმოაჩენს “იმ ღირებულებებს, რისიც გაერთიანებულ სამეფოს სწამს”.

ბორის ჯონსონის თანახმად, ყირიმის ნახევარკუნძული და, შესაბამისად, მისი აკვატორია უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა და არ აღიარებს რუსულ ანექსიას.

“მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას. ის არის უკრაინის სუვერენული ტერიტორია. აბსოლუტურად მართებულია, რომ დავიცვათ ნავიგაციის თავისუფლება იმგვარად, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ ავირჩიეთ უმოკლესი მარშრუტი ორ წერტილს შორის, სულ ესაა, რაც ჩვენ გავაკეთეთ”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ყირიმის წყლებში გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა ბრიტანული ხომალდის “დეფენდერის” მიმართულებით, რომელიც უკრაინიდან საქართველოსკენ მიემართებოდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ გემი რუსული ცეცხლის სამიზნე გახდა და განაცხადა, რომ სროლა რუსული სწავლების ნაწილი იყო.

მოსკოვში დიდი ბრიტანეთის ელჩს, დებორა ბრონერტს ინციდენტის გამო “პროტესტი გამოუცხადეს”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ მსგავსი პროვოკაცია განმეორდებოდა, მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ყველა პასუხისმგებლობა ბრიტანულ მხარეს დაეკისრებოდა”.

ბრიტანული ხომალდი “დეფენდერი” საქართველოში, ბათუმის პორტში 26 ივნისს შემოვა და 30 ივნისამდე დარჩება.

შავ ზღვის უსაფრთხოების შესახებ გირჩევთ მასალას ნეტგაზეთის არქივიდან, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში აპრილში მიმდინარე კრიზისის დროს გამოქვეყნდა.

 

რა ხდება შავ ზღვაზე და რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს მის უსაფრთხოებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი