ახალი ამბები

გერმანიას და საფრანგეთს EU-ს სამიტზე პუტინის მიწვევა სურთ – მედია

24 ივნისი, 2021 • 1194
გერმანიას და საფრანგეთს EU-ს სამიტზე პუტინის მიწვევა სურთ – მედია

საფრანგეთმა და გერმანიამ წამოაყენეს წინადადება, რომელიც ევროკავშირის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევას გულისხმობს. ინფორმაციას “როიტერი” დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. მიზეზად ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება სახელდება.

აღნიშნულს წინ უძღოდა შეხვედრა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ჟენევაში. როგორც ჯო ბაიდენმა, ისე ვლადიმერ პუტინმა ეს შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასეს, თუმცა შემდგომ გამართულ პრესკონფერენციებზე ისმოდა კრიტიკული განცხადებებიც, პუტინის მხრიდან — ვაშინგტონის, ბაიდენის მხრიდან კი — მოსკოვის მისამართით.

“ასეთი [იდეა]… ასახავს პარიზსა და ბერლინში არსებულ შეშფოთებას, რომ ევროკავშირის მიდგომა რუსეთის მიმართ, ბოლო წლებში, ფოკუსირდება მხოლოდ სანქციებზე მოსკოვისადმი”, — აღნიშნავს “როიტერი”.

სააგენტო ასევე ციტირებს ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატს, რომელიც ამბობს, რომ საჭიროა დისკუსია “ამ უარყოფითი სპირალიდან თავის დასაღწევად”. თუმცა, მისივე განცხადებით, შესაძლოა, შეთავაზება იუარონ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რომლებიც ფრთხილი პოლიტიკით გამოირჩევიან რუსეთის მიმართ.

უცნობია, აღნიშნული წინადადება გულისხმობს სამიტს ევროგაერთიანების 27-ვე სახელმწიფოს ჩართულობით თუ მხოლოდ მისი ლიდერების — ურსულა ფონ დერ ლაიენისა და შარლ მიშელის — მონაწილეობით.

თუ გერმანია-საფრანგეთის შეთავაზებამ დღის სინათლე იხილა, ეს იქნება პირველი მსგავსი ტიპის სამიტი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

“გარდიანის” თანახმად, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ასეთი ინიციატივები არგებს პუტინს იმ პირობებში, როცა მოსკოვი, ერთი მხრივ, აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე, მეორე მხრივ კი, რუსეთის მიმართ ისმის ბრალდებები აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით.

პარალელურად, ცნობილია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ტენდენციის მართვასთან დაკავშირებით ხუთშაბათს, 2-დღიან სამიტზე უნდა ისაუბრონ.

“გერმანისა და საფრანგეთს აქვთ გარკვეული იდეები ევროკავშირის სამიტ-დებატთან დაკავშირებით რუსეთის [საკითხის] გარშემო. [ანგელა] მერკელმა თქვა, რომ რუსეთსა და ჩინეთს მაღალ დონეზე მხოლოდ აშშ არ უნდა ელაპარაკოს. რუსეთი მეზობელია. ასეთი ფორმატი ჯერ კიდევ 2007 წელს გაჩნდა ფინეთში”, — ციტირებს “როიტერი” პირს, რომელიც შეხვედრის მომზადებაშია ჩართული.

ევროკავშირისა და ევროკომისიის დიპლომატიური სამსახურის მიერ ივნისის დასაწყისში მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ევროკავშირსა და რუსეთს აქვთ ფუნდამენტური, საერთო პასუხისმგებლობა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროპის კონტინენტზე”.

რუსეთი ევროკავშირისთვის სიდიდით მეხუთე სავაჭრო პარტნიორია. თავის მხრივ, ევროკავშირი ყველაზე მსხვილი გარე ინვესტორია რუსეთისთვის.

ბერლინისა და პარიზის ზემოხსენებული შეთავაზება ემთხვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს ევროპაში, აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობების დასახვეწად. ტონი ბლინკენი ბერლინში უკვე იმყოფებოდა. ის ასევე გეგმავს პარიზსა და რომში ჩასვლას.

მასალა მომზადებულია Reuters-სა და The Guardian-ზე დაყრდნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი