ახალი ამბები

“არ უნდა ვიჩქაროთ” – ვაშაძე მოსამართლეების გამო პარლამენტიდან გასვლაზე

23 ივნისი, 2021 •
“არ უნდა ვიჩქაროთ” – ვაშაძე მოსამართლეების გამო პარლამენტიდან გასვლაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, პარლამენტიდან გასვლასთან დაკავშირებით არ უნდა იჩქარონ. ასე გამოეხმაურა ის “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტს დატოვებს.

“წინასწარ განცხადებებს ნამდვილად არ გავაკეთებთ, რას გამოვუცხადებთ ბოიკოტს და როგორ, მაგრამ გვექნება დეტალური კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან, სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ მათთან ერთად, რადგან ამ შეთანხმების ხელმომწერები ვართ ჩვენ და ამის შესრულების გარანტი არის ასევე აშშ და ევროკავშირი. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მე ავუსხნი ჩემს სტრატეგიას და ხედვას. მე ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები. პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც შეთანხმების გარანტი და მესამე მხარე არიან ამ შეთანხმების, მათთან ერთად უნდა გავიაროთ ეს საკითხი”, – განაცხადა ვაშაძემ.

“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კახა ოქრიაშვილმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში პარლამენტიდან გასვლა დააანონსეს. ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის სხდომისას ისაუბრა, მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელა ოქრიაშვილმაც.

დღეს, 23 ივნისს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისიწნებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.

2021 წლის 19 აპრილის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც სასამართლო რეფორმას ითვალისწინებდა.

“სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.

ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა”, — ნათქვამია 19 აპრილის შეთანხმებაში.

“ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული ტექსტის შესაბამისად მოქმედება “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო, 24 მარტს წარადგინა და აპრილში მიიღო “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებები. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე რეკომენდაციას: დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ შედგენილი შეფასებების, ქულებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; შემოღებულ იქნა გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი; შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების არათუ ორმაგი, ოთხმაგი გასაჩივრების წესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი