ახალი ამბები

“ვითვალისწინებთ პატრიარქის თხოვნას” – ზაზა გახელაძის ცოლი

23 ივნისი, 2021 • 847
“ვითვალისწინებთ პატრიარქის თხოვნას” – ზაზა გახელაძის ცოლი

ზაზა გახელაძის მეუღლის განცხადებით, ისინი დაელოდებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილზე საპასუხო მოქმედებას.

მისივე თქმით, ოჯახი ამ მოქმედებით კიდევ ერთხელ აძლევს სახელმწიფოს დროს, რათა ზაზა გახელაძე ციხიდან დაიხსნას.

“ვინაიდან ვითვალისწინებთ პატრიარქის თხოვნას და მის მოწოდებას და იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს მის წერილს, დაველოდებით პასუხს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ როგორ მოვიქცეთ.
ხელისუფლებას ვაძლევთ კიდევ სამოქმედო დროს, რომ შედეგზე იფიქრონ, რა შეიძლება გაკეთდეს [ზაზა გახელაძის] გათავისუფლებისთვის”, – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.

იგი არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი მეუღლე არ გათავისუფლდება, ჩაატარონ საპროტესტო აქციები.

ცხინვალის საპყრობილეში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები და თბილისიდან ჩასული აქტივისტები სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის მხარდასაჭერ მსვლელობას აწყობენ.

ოჯახის წევრების განცხადებით, მანამდე, ისინი აპირებდნენ ავტობანის გადაკეტვას, ხოლო დაკავებულის მამა გეგმავდა გამყოფ ხაზს მიღმა გადასვლას, რათა დაეკავებინათ და იმავე ციხეში მოხვედრილიყო, სადაც მისი ვაჟია.

მისი განცხადებით, ეს გეგმა დღეს დილით, 10 საათზე შეიცვალა, მას შემდეგ, რაც პროცესში საპატრიარქო ჩაერთო.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებით, ილია მეორემ  რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ზაზა გახელაძე გათავისუფლდება. თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდა, ისინი დაგეგმილ საპროტესტო აქციას ჩაატარებენ და გამყოფ ხაზს გადაკვეთენ.

ზაზა გახელაძე გასულ წელს სოფელ ქვემო ჭალაში დააკავეს. მას “საზღვრის” უკანონოდ კვეთასა და სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი