ახალი ამბები

საპროტესტო აქციის ნაცვლად გახელაძის ოჯახი მსვლელობას მართავს

23 ივნისი, 2021 • 849
საპროტესტო აქციის ნაცვლად გახელაძის ოჯახი მსვლელობას მართავს

ცხინვალის საპყრობილეში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები და თბილისიდან ჩასული აქტივისტები სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის მხარდასაჭერ მსვლელობას აწყობენ.

ოჯახის წევრების განცხადებით, მანამდე, ისინი აპირებდნენ ავტობანის გადაკეტვას, ხოლო დაკავებულის მამა გეგმავდა გამყოფ ხაზს მიღმა გადასვლას, რათა დაეკავებინათ და იმავე ციხეში მოხვედრილიყო, სადაც მისი ვაჟია.

მისი განცხადებით, ეს გეგმა დღეს დილით, 10 საათზე შეიცვალა, მას შემდეგ, რაც პროცესში საპატრიარქო ჩაერთო.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებით, ილია მეორემ მიმართა რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით.
დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ზაზა გახელაძე გათავისუფლდება. თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდა, ისინი დაგეგმილ საპროტესტო აქციას ჩაატარებენ და გამყოფ ხაზს გადაკვეთენ.

ზაზა გახელაძე შარშან სოფელ ქვემო ჭალაში დააკავეს. მას “საზღვრის” უკანონო კვეთისა და სამხედრო პირის მკვლელობის მცდელობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი