ახალი ამბები

ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოშია – გომელაური

23 ივნისი, 2021 •
ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოშია – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ზუგდიდში ბანკზე თავდასხმისას მძევლები აიყვანა და 500 000 აშშ დოლარი გამოსასყიდის სახით აიღო, საქართველოში იმყოფება.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა 2 მძევალთან და შსს-ს ერთ მომლაპარაკებელთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. თავდამსხმელმა იმ ღამით გაქცევა მოახერხა [არცერთი მძევალი არ დაშავებულა].

26 ოქტომებრს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული ჰყავდათ, როგორც 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

ესებუა ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 2020 წლის დეკემბერში დააკავეს მისი ძმა, ბიძინა ესებუა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება ბრალად. შსს-ს თანახმად, არსებობდა ვარაუდი, რომ მას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთი უნდა გადაეცა.

23 ივნისს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს კიდევ ერთხელ დაუსვა კითხვა ესებუას შესახებ, რაზეც გომელაურმა განაცხადა:

„ვმუშაობთ თემაზე და ხაზს ვუსვამ, იმყოფება საქართველოში. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში. მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის“, – განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ შსს-ს რომ სცოდნოდა, სად იმყოფება ესებუა კონკრეტულად, აქამდეც დააკავებდნენ. ამასთან, გომელაურმა ესებუას დაკავებას „ღირსების თემა“ უწოდა:

„პირდაპირ გეტყვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ეს ღირსების თემაა. ასეთი რაღაცა დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ. კი, იყო რაღაც თემები, თუმცა… სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ამდენი ადამიანი ჰყავდა აყვანილი მძევლად. ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. რატომღაც შეიძლება ჰგონია ხალხს, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ“.

გარეკანის ფოტოზე: ბადრი ესებუა 2020 წლის 6 ოქტომბერს, კადრი გადაღებულია ბანკზე თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე

მასალების გადაბეჭდვის წესი