ახალი ამბები

5 ცნობილი რესტორანი და პაბი თბილისში, რომელიც პანდემიამ იმსხვერპლა

24 ივნისი, 2021 •
5 ცნობილი რესტორანი და პაბი თბილისში, რომელიც პანდემიამ იმსხვერპლა

პანდემიით გამოწვეულ კრიზისს კვებისა და გართობის არაერთი ობიექტი ემსხვერპლა. მათი ნაწილი ერთგულ მომხმარებელს სამუდამოდ, ან დიდი ხნით დაემშვიდობა. ნეტგაზეთმა შეარჩია 5 კვების ობიექტი, რომელსაც დედაქალაქის სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა — ზოგისთვის პირველი პაემნის ადგილი იყო, ზოგისთვის გემრიელ საჭმელთან ასოცირდებოდა, ზოგისთვის კი — პარასკევ საღამოს მეგობრებთან ერთად კათხა ლუდით გართობასთან.

“პრეგო რეალეს” 21-წლიანი ისტორიის დასასრული

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე “პრეგო რეალე” ერთ-ერთი პირველი პიცერია იყო, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში თბილისში გამოჩნდა.

“დღეს უკვე გემრიელი პიცა არავის უკვირს, თუმცა მაშინ, 2000 წლის საქართველოში, ბევრი რამ გვიკვირდა, ან, უფრო სწორად, ბევრი რამ არც გვქონდა”, — ამბობენ პიცერიის მფლობელები გამოსამშვიდობებელ განცხადებაში.

მათი სიტყვებით, ეს იყო “ძალიან დიდი შრომით, წვალებით, იმედგაცრუებით და ასევე უამრავი სიხარულით, ბედნიერებით, სიყვარულით და სიახლეებით აღსავსე 21 წელი”, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში, პანდემიის კრიზისის ფონზე დასრულდა.

პიცერია "პრეგო რეალე". ფოტო: Facebook/Prego Reale

“ყველაფერს აქვს თავისი დრო… პიცერია “პრეგო რეალე” წყვეტს ფუნქციონირებას. ბევრ სხვა გარკვეულ მიზეზთან ერთად მსოფლიო პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა კრიზისმა, ალბათ, ყველაზე დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში”, — აღნიშნავენ მფლობელები.

პიცერიამ მუშაობა უკვე შეაჩერა, ფართი კი, სადაც აქამდე კვების ობიექტი იყო განთავსებული, ქირავდება.

“ეზო” ბუნდოვანი პერსპექტივით

რესტორანი “ეზო” გიორგი ლომსაძემ, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, 2015 წელს დააფუძნა. ეს იყო ძველ თბილისში, ე.წ. იტალიურ ეზოში მოწყობილი სივრცე, რომლის კონცეფციაც, დამფუძნებლის თქმით, იმთავითვე ითვალისწინებდა “დემოკრატიული გარემოს” შექმნას საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის.

“მივაღწიეთ კიდეც ამას: ყველა სოციალური ჯგუფი დადიოდა რესტორანში. ეს იყო გარემო, რომელშიც ყველა ადამიანს შეეძლო, ეგრძნო თავისუფლება.

ვინც დადიოდა აქ, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდა “ეზო”. ფაქტობრივად, ასეთი გარემო სხვაგან არ არის. იტალიური ეზო არის სრულად ჩვენი [კონცეფცია].

ფინანსური კუთხით თუ შევხედავთ, ზრდა გვქონდა 16%, ყოველ წელს. მით უმეტეს, ტურიზმის ბუმი რომ დაიწყო, თვითმფრინავში რომ ნახავდით ადამიანს, მერე, საღამოს, აქ ხვდებოდით”, — აღნიშნავს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გიორგი ლომსაძის თქმით, პანდემიის კრიზისი მძიმედ დაემთხვა, ერთი მხრივ, 2020 წელს, რომელიც “ეზოს” ადმინისტრაციას, უწინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, “ყველაზე კარგად ჰქონდა დაგეგმილი”, მეორე მხრივ კი — გაზაფხულს, როცა რესტორნისთვის ახალი სეზონი იწყებოდა:

“ჩვენთან სეზონი იწყებოდა მარტიდან და გრძელდებოდა ოქტომბრამდე. [სხვა დროს], ფაქტობრივად, გვეძინა. ზამთარში ვისხედით და გაზაფხულისთვის ვემზადებოდით…

მერე მოვიდა თებერვალი და ვიგებთ, რომ ჩინეთში გამოჩნდა რაღაც ვირუსი, რომელიც უცებ საქართველოშიც დაფიქსირდა.

როგორც ყველა, ჩვენც ვერ მივხვდით, რასთან გვქონდა საქმე. არ გვინდოდა, გავრცელების კერა გავმხდარიყავით, რადგან ბევრი ხალხი დადიოდა ჩვენთან. ამიტომ მარტშივე დავკეტეთ “ეზო”. დღემდე დაკეტილია”.

"ეზო" დახურვამდე. ფოტო: Facebook/ ეზო • ezo

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, შეზღუდვების სიმძიმე მუდამ ერთსა და იმავე ნიშნულზე არ ყოფილა, ახლა კი კაფე-რესტორნების მუშაობა დაშვებულია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში. თუმცა, “ეზოს” ადმინისტრაციისთვის ეს ამბავი არ ქმნის რესტორნისთვის ასამუშავებლად საჭირო, პროგნოზირებად გარემოს.

“მომხმარებელი რომ მოდის და ეუბნები, რომ მხოლოდ 3 კერძი მაქვს, მარტო ხაჭაპური მაქვს და ა.შ… ჩემი აზრია, რომ არ შეიძლება, მომხმარებელს ასეთი რამ შესთავაზო. თუ ვხსნით, უნდა გავიხსნათ ისე, რომ მენიუ გვქონდეს. მოკრძალებული ნაბიჯებით ბაზარზე ვერ შევალთ.

რესტორნის გახსნას ვგეგმავთ. მუშაობენ ადამიანები, რომ დავაბრუნოთ “ეზო” იმ რეალობაში, სადაც გავჩერდით. მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. შეცვლილია მომხმარებლის ქცევა, ეკონომიკური მდგომარეობა, ტურისტი არ არის და ა.შ. პროგნოზირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია”, — დასძენს ის.

ამჟამად ეზოს კოლაბორაციები აქვს სხვადასხვა ბიზნესთან, რომელთაც გარე სივრცე სჭირდებათ. ღონისძიებები შაბათ-კვირას იმართება. რესტორანმა სახელმწიფოსგან ერთჯერადი, 5 000-ლარიანი დახმარების პაკეტიც მიიღო, რაც გიორგი ლომსაძის თქმით, კარგია, თუმცა ეს თანხმა “ეზოს” საჭიროებებს არ ეყოფა.

მისი სიტყვებით, იმისთვის, რომ სარესტორნო ბიზნესი გათავისუფლდეს როგორც პანდემიით გამოწვეული, ისე სხვა, ჯერ კიდევ წარსულში დაწყებული თუ პოტენციური პრობლემებისგან, ეფექტური პოლიტიკაა საჭირო როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის მხრიდან.

პაბი “ნალი” დაკეტილია, ბენდი “ნალი” — დაშლილი

პაბი “ნალი” ქიაჩელის ქუჩაზე 1990-იანი წლების მიწურულს გაიხსნა, როცა მსგავსი ობიექტების რაოდენობა თბილისში, ამჟამინდელთან შედარებით, გაცილებით მცირე იყო.

დავით ქარჩავა “ნალში” 1999 წელს მივიდა და ჯერ დუეტი, შემდეგ კი ბენდი ჩამოაყალიბა, რომელიც წლების განმავლობაში უკრავდა იქ მისული სტუმრებისთვის ქანთრისა და როკ-ენ-როლს. ბენდის დამფუძნებელს კარგად ახსოვს პოპულარობა, რომელსაც პაბმა მალევე მიაღწია ჯერ უცხოელებს, შემდეგ კი — ადგილობრივებს შორის.

ახსოვს ისიც, რამ განაპირობა პაბისა და მისი ბენდის სახელწოდებების დამთხვევა:

“ყოველდღე იყო ხოლმე ანშლაგები, ყოველ საღამოს… რომელიღაც ქართული ჟურნალიდანაც მოვიდა ჟურნალისტი გოგო, ინტერვიუ ჩამოგვართვა. ზუსტად მახსოვს, რომ არ უკითხავს ჯგუფის სახელი.

რამდენიმე დღეში სტატია რომ დაიწერა, იქ ეწერა “ნალი ბენდი”, ბრჭყალებში, პაბის სახელწოდებიდან გამომდინარე. რომ დავფიქრდით, სიმბოლურიც იყო ეს სახელწოდება… არავინ ყოფილა წინააღმდეგი და ამის შემდეგ შეგვრჩა ეს სახელი”.

ბენდი "ნალი". ფოტო: Facebook/ The Nali Band

დავით ქარჩავა გვიყვება, რომ პანდემიის კრიზისამდე პაბი ჩვეულებრივ მუშაობდა, არ უჩიოდა ერთგულ სტუმრებს და გადაურჩა 2008 წლის კრიზისსაც, რომელმაც “ნალსაც” შეუქმნა პრობლემები. თუმცა 2020 წელს, საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა.

“ხალხი ერიდებოდა ხალხმრავლობას, რომ არ დაინფიცირებულიყვნენ. როცა ხალხი აღარ დადიოდა, შემოსავალიც არ იყო, რაც გადასახადების გადახდასაც შეუძლებელს გახდიდა შემდეგ. განა რამდენ ხანს შეიძლება, ჯიბიდან იხადო ეს გადასახადები?

პანდემიის დროს მაქსიმუმ 3 კაცი შემოსულიყო. 3 კაცის გამო ამხელა რესტორნის გახსნა [დიდი] ხარჯი იყო. ფიზიკურად აღარ დადიოდა ხალხი… ფეისბუქზე რომ დავპოსტავდი რაღაცას, მწერდა ყველა, რომ უნდოდათ მოსვლა, მაგრამ ეშინოდათ”, — აღნიშნავს ის.

პაბი "ნალი" დახურვის შემდეგ. ფოტო: Facebook/Sophie Balanchine

პანდემიის პერიოდში “ნალი” მხოლოდ ერთხელ, მცირე ხნით, გასული წლის ზაფხულის ბოლოს გაიხსნა. თუმცა, დავით ქარჩავას თქმით, ამ მცდელობამ არ გაამართლა და “ნალი” ამ დრომდე დახურულია. უცნობია, გაიხსნება თუ არა ის.

ამ პირობებში, დაშლილია ბენდიც, რომელიც 25 წლის განმავლობაში უკრავდა “ნალსა” და სხვა პაბებში:

“მგონი, ცხრა თვის წინ დავუკარით ბოლოს ერთად, რაღაც გადაღებისთვის. ვართ მოლოდინში. პაბები, სადაც ჩვენ ვმუშაობდით, არ გახსნილა. ხალხი სანამ არ დაიწყებს სიარულს, აზრი არ აქვს. თვითონ ხალხი უნდა განეწყოს იმისათვის, რომ საშიშროება აღარ არის. უკვე ამის შემდეგ შეიძლება შეკრებასა და ახალ სამსახურზე ფიქრი”.

“მარკო პოლო” დაიხურა, ფართი ქირავდება

შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, არც რესტორან “მარკო პოლოს” კარი გახსნილა. რესტორანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა, ამ ეტაპზე მუშაობას ვერ აგრძელებს.

“პანდემიის პრობლემების გამო დაიხურა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რესტორანს არ უმუშავია საერთოდ, მეორე წელია. პანდემიამდე რენოვაცია გაკეთდა, შემდეგ პანდემია დაიწყო და დაიხურა რესტორანი”, – გვითხრა ელენე დავითაიამ, რესტორნის მფლობელმა.

ფართი, რომელშიც “მარკო პოლო” იყო განთავსებული, ამჟამად ქირავდება.

“ვერ ვრისკავთ” — “დუბლინის” გაურკვეველი მომავალი

ზემოთ ჩამოთვლილ სივრცეებს “ასაკით” არც პაბი “დუბლინი” ჩამოუვარდება: ის 20 წელია, არსებობს, ამჟამინდელი დირექტორი, ქეთევან ოქრომჭედლიშვილი კი 15 წელია პაბში საქმიანობს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისედაც იკლო სტუმრების რიცხვმა, რის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზადაც კონკურენციას განიხილავს, პაბი მაინც ახერხებდა მუშაობას. მომხმარებლები მრავლად იყვნენ, განსაკუთრებით, შაბათ-კვირას.

შემდგომ პანდემიის კრიზისი დაიწყო.

“16 მარტი იყო, კარგად მახსოვს, ორშაბათი დღე, როცა გამოგვიცხადეს, აღარ უნდა იმუშაოთო. მერე, ივლისში, ვითომ ნება დაგვრთეს, თუმცა ზაფხული იყო და თავი შევიკავეთ.

სექტემბერში გავხსენით, ავიღეთ ვალებიც, თუკი რაიმე პროდუქცია იყო, ის ყველაფერი ჩამოიწერა. ვიმუშავეთ ერთი თვე, მერე ისევ დაგვკეტეს. შემდეგ [ძველმა] დამფუძნებლებმა დაანებეს თავი, სხვამ აიღო იჯარით და ის სხვა რას ფიქრობს ახლა, არ ვიცი”, — ეუბნება ქეთევან ოქრომჭედლიშვილი “ნეტგაზეთს”.

პაბი დუბლინი. ფოტო: Yuri Lomakovsky

მისი თქმით, ამ ვითარებაში პაბის ამუშავებას ფინანსური რისკები ახლავს თან, რაც ამ გადაწყვეტილების მიღებას ართულებს:

“…ვერ ვრისკავთ. რომ გავხსნათ, რამდენიმე ათასი ლარია საჭირო. იქ დასასუფთავებელია სივრცე, დავალიანებებია დაგროვილი… არც იმდენი ტურისტი აღარ არის და ვერ რისკავენ.

რომ გაიხსნას, ფართი იჯარით გვაქვს აღებული და [მესაკუთრეებიც] მაშინვე მოითხოვენ ფულს, რისი საშუალებაც ნამდვილად არ იქნება. ვნახოთ, როგორ წავა საქმე. შეიძლება, სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ იფიქრონ რაღაც ან გაქირავდეს, თუ ვინმე გამოჩნდება”.

თუ თქენთვის საყვარელი ობიექტი ამ სიაში ვერ იპოვეთ, მოგვწერეთ კომენტარებში, რომელს დაამატებდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი