ახალი ამბები

ვაშაძის თქმით, თუ მიშელის შეთანხმება არ შესრულდება პარლამენტს დატოვებს

22 ივნისი, 2021 •
ვაშაძის თქმით, თუ მიშელის შეთანხმება არ შესრულდება პარლამენტს დატოვებს

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ თუ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხები არ შესრულდა, პარლამენტის მანდატზე უარს იტყვის. როგორც “ფორმულას” ეთერში ვაშაძემ თქვა, უზენაესი მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეწყდეს და ამ ნაწილში “ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის პირობები დაარღვია.

“მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა და ყველა მოკავშირემ გითხრა, რომ შენი ქვეყნის ინტერესებშია შესვლა, ორი არჩევანი გაქვს, ერთი- უდაბნოში დარჩე და ავტობუსს ელოდებოდე, მეორე- შეხვიდე და მიაღწიო იმ მიზნებს, რომელიც მართლა შეუმსუბუქებს ცხოვრებას საქართველოს მოქალაქეს. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ თუ შევხედე სადღაც 6 თვეში, რომ ეს პარლამენტი ისევ ძველ გზას უბრუნდება და ამ დოკუმენტის მიუხედავად არაფერი სასიკეთო არ არის, როგორც შევედი, ისე გამოვალ,”-განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რამ უნდა მიანიშნოს, რომ ამ დოკუმენტით აღებული ვალდებულებები არ სრულდება, ვაშაძე პასუხობს, რომ მაგალითად, ამნისტიის პუნქტი “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა.

“დარჩა ერთი საარჩევნო ნაწილი და თუ აღმოჩნდა, რომ აქაც ფეხს ითრევენ და არის ამის ნიშნები… თუ აღმოჩნდა, რომ სასიკეთოსკენ არ მივდივართ და ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებას და არა მხოლოდ გაყალბებას, არამედ მოქალაქის უნდობლობას არჩევნების შედეგები მიმართ, აბსოლუტურად წყნარად გამოვალ იქიდან”,-ამბობს ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი