ახალი ამბები

მოქალაქეთა ნაწილი ლოჯისტიკური პრობლემის გამო დაგეგმილ დროს ვერ აიცრა

21 ივნისი, 2021 • 1114
მოქალაქეთა ნაწილი ლოჯისტიკური პრობლემის გამო დაგეგმილ დროს ვერ აიცრა

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში AstraZeneca-ს ვაქცინით რეგისტრირებული მოქალაქეების აცრებზე ხარვეზი იყო.

როგორც “ნეტგაზეთს” კლინიკაში განუცხადეს, ხარვეზი ამ დროისთვის აღმოფხვრილია და მოქალაქეების ვაქცინაცია შეუფერხებლად გრძელდება. კლინიკაში აღნიშნავენ, რომ პრობლემა ლოჯისტიკურმა შეფერხებამ გამოიწვია:

“მცირედი შეფერხება იყო რამდენიმე დოზაზე, რომელიც მალევე აღმოიფხვრა”, — აცხადებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კლინიკაში მოქალაქეებს ვაქცინის გარკვეული დოზების დეფიციტი დახვდათ, რის გამოც ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ საჭირო დოზები უკვე მობილიზებულია:

“ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მივიდა დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და დახვდა დეფიციტი. იყო იქ გარკვეული დოზები, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ჩაწერილი იყო.

იყო ვაქცინის მოწოდების პრობლემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს მოვახდინეთ მობილიზაცია იმ ნაშთების, რაც არის ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი დაკმაყოფილდება დღეს”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი