ნეტგაზეთი | დეოკუპაციის სტრატეგიის შესამუშავებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა დეოკუპაციის სტრატეგიის შესამუშავებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა – Netgazeti
Batumelebi | RU

დეოკუპაციის სტრატეგიის შესამუშავებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა

საქართველოს მთავრობამ “დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით” სამთავრობო კომისიის შექმნა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს.

“დღეს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამთავრობოთაშორისო კომისია დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების მიზნით. კომისიას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ შევქმნათ საერთო ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ეს იქნება საპასუხისმგებლო და ყოვლისმომცველი პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი — როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუტები, ისე სამოქალაქო საზოგადოება, კვლევითი ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები.

“წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, დისკუსია, კონსულტაცია როგორც უწყებათაშორის დონეზე, ასევე, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და ერთობლივად შევიმუშავებთ სახელმწიფოებრივ ხედვას ხვალინდელი სამშვიდობო პოლიტიკის და დეოკუპაციის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით”, — განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგა, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მუდმივად მძიმდება ჰუმანიტარული სიტუაცია, აუცილებელია, თბილისის პოლიტიკა იყოს პროაქტიული და გადადგას უფრო ეფექტიანი, ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯები.

მისი თქმით, კომისია იმუშავებს ორი მიმართულებით: დეოკუპაცია და ევროკავშირთან ინტეგრაციის სიკეთეების გაზიარება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.