ახალი ამბები

ვასაძეს ნამახვანჰესზე რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი ეთქვა

21 ივნისი, 2021 •
ვასაძეს ნამახვანჰესზე რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი ეთქვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საინიციატივო ჯგუფს (ლევან ვასაძე, იოსებ მანჯავიძე, შოთა გლურჯიძე, ზურაბ მახარაძე და ზაზა გოგალაძე) ნამახვანჰესის საკითხზე რეფერენდურმის ჩატარების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საინიციატივო ჯგუფის მიერ ცესკოში წარდგენილი იყო სარეფერენდუმო საკითხი შემდეგი ფორმულირებით: „თანახმა ხართ, თუ არა, რომ ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას” შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად?”

კანონმდებლობის თანახმად, სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიოდ და კონკრეტულად. ცესკოს შეფასებით, ლევან ვასაძის და მისი თანამოაზრეების მიერ წარმოდგენილი საკითხი არ იყო ჩამოყალიბებული მკაფიოდ და კონკრეტულად, ვინაიდან ამომრჩევლისთვის ბუნდოვანი იქნება, საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ კითხვაში კონკრეტულად რომელი ხელშეკრულება იგულისხმება და რომელი პირობების შესაბამისად უნდა აშენდეს ჰიდროელექტროსადგური.

გარდა ამისა, რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიუთითა, რომ სარეფერენდუმო კითხვა, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმებული ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პირობებისგან განსხვავებული ქმედებების დაწესებას იწვევს, წარმოადგენს საკუთრების ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.

“სარეფერენდუმო საკითხის დადებითად გადაწყვეტა გამოიწვევს მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის აუცილებლობას, რაც გამორიცხავს კონტრაქტის პირობების შეცვლის თუ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას. ამდენად, რეფერენდუმი არ შეიძლება მოეწყოს კერძოსამართლებრივი ხასიათის სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებულ საკითხებზე”, — ნათქვამია ცესკო-ს განკარგულებაში.

ცესკოს 17 ივნისის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი