ახალი ამბები

7 წლის ბავშვის წამების საქმე: დედასა და მის ქმარს პატიმრობა შეეფარდათ

20 ივნისი, 2021 • 1080
7 წლის ბავშვის წამების საქმე: დედასა და მის ქმარს პატიმრობა შეეფარდათ

7 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედასა და მის ქმარს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისს მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ივნისს თქვა, რომ ხსენებული ორი პირი ბავშვის წამების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, დამატებითი ცნობები გაავრცელა პროკურატურამაც. ამ უკანასკნელის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ:

“ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას – სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია”.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის პატიმრობაც ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი