ახალი ამბები

ყოფილი ელჩი საბანაძე განმარტავს, რატომ ახლდა გახარიას ბრიუსელში შეხვედრებზე

18 ივნისი, 2021 •
ყოფილი ელჩი საბანაძე განმარტავს, რატომ ახლდა გახარიას ბრიუსელში შეხვედრებზე

ნატა საბანაძე, რომელიც საქართველოს ელჩი იყო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ასევე ხელმძღვანელობდა ევროკავშირში საქართველოს მისიას, ნეტგაზეთთან განმარტავს, რატომ ესწრებოდა ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ მიმდინარე წლის ივნისში ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს.

როგორც ნატა საბანაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, გიორგი გახარიას შეხვედრებს სტატუსის გარეშე ესწრებოდა.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა გიორგი გახარიას პარტიას, ნატა საბანაძე პასუხობს, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია.

“უბრალოდ, ვურჩიე, რომელი შეხვედრები ჩაეტარებინა და რადგან კარგად ვიცნობ ყველას ევროპული მხარიდან, უბრალოდ, გავყევი ყველანაირი სტატუსის გარეშე. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია” , – აცხადებს საბანაძე.

საბანაძეს ასევე ვკითხეთ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ. გუშინ, 17 ივნისს, კობახიძემ “ტვ პირველზე” განაცხადა, რომ საბანაძე თანამდებობიდან “დემარშით არ წასულა”, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, გაათავისუფლეს თუ არა თანამდებობიდან.

როგორც ნატა საბანაძემ გვითხრა, ირაკლი კობახიძის განცხადება არ უნახავს და მედიასთან კომუნიკაციას ჯერ არ აპირებს.

ნატა საბანაძემ თანამდებობა მარტში, გიორგი გახარიას გადადგომიდან მალევე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი