ახალი ამბები

NGO-ები: საბჭომ შეწყვიტოს ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება

17 ივნისი, 2021 • 783
NGO-ები: საბჭომ შეწყვიტოს ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს.

დღეს, 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა იმართება, სადაც მოსამართლის 100-მდე ვაკანსიის შესახებ მიიღება გადაწყვეტილება, მათ შორის დღესვე, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარედგინება.

არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება.

“მიუხედავად იმისა, რომ წლებია საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, დღეს ახალი კადრების დამატების პროცესი სასამართლოში არსებული ძლიერი კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს. არც ხელისუფლებამ და არც სასამართლოში არსებულმა ე.წ. კლანმა, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არ აჩვენეს მართლმსაჯულების გაჯანსაღების და სისტემის რეალური რეფორმის ნება, მათ შორის არ შეიცვალა საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისა და საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, რაც საუკეთესო და მიუკერძოებელი კანდიდატების დანიშვნას უზრუნველყოფდა.

დღესდღეობით სასამართლო სისტემაში 300-მდე მოსამართლეა, დამატებით 100-მდე დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშვნა კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხს. თუმცა, ამის საპირისპიროდ, არსებული ვაკანსიების უმეტესობა, როგორც წესი, კლანთან დაკავშირებული პირებით ივსება, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პერსპექტივას კიდევ ერთხელ გადაავადებს”, – ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, ამ ვაკანსიების ძირითადი ნაწილის შევსებით კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრების შედინება. მათი თქმით, საბჭოს რეფორმის ჩატარებამდე, ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებით, კიდევ უფრო ზიანდება ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესები.

“ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის თავიდან დაწყების საჭიროებაზე უთითებს. ამის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ფორსირებულად, რეფორმების არარსებობის პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საბჭოს ძველი შემადგენლობით მიიღოს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დოკუმენტში საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე და უზენაესი სასამართლოს კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობაზე”, – ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.

მათი განცხადებით, სასამართლოს სიღრმისეული რეფორმების განხორციელების გარეშე, ამგვარი მნიშვნელობის საკადრო გადაწყვეტილებების დაჩქარებულ ტემპში მიღება უკიდურესად აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. არასამთავრობოების აზრით, საბჭოს ქმედებებმა მომავალში შესაძლებელია წარმოშვას ლეგიტიმურობის საკითხი ამ პირობებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ.

“ცხადია, ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გარეშე. მმართველი პარტიის მიერ კლანის არსებობის იგნორირება და ზედაპირული, კოსმეტიკური რეფორმირების დაანონსება კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არარსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები”, – ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

მათი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. მათი თქმით, თუკი ეს შეუძლებელი გახდა, პარლამენტმა უნდა შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე.

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • უფლებები საქართველო
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

მასალების გადაბეჭდვის წესი