ახალი ამბები

პანსიონში ომბუდსმენის შესვლა არათუ საჭირო, არამედ მისი ვალდებულებაა — ტიკარაძე

17 ივნისი, 2021 • 642
პანსიონში ომბუდსმენის შესვლა არათუ საჭირო, არამედ მისი ვალდებულებაა — ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლა და იქ არსებული ვითარების შესწავლა სახალხო დამცველის ვალდებულებაა და მან უნდა შეასრულოს საკუთარი მანდატით გათვალისწინებული ეს მოვალეობა.

“ამ ეტაპზე ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა გვაქვს ახალ ხელმძღვანელობასთან. ვთვლი, რომ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები მოგვიანებით, უკვე ფაქტებით გავაკეთოთ. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს საფუძველი არ გააჩნია ვივარაუდოთ, რომ რამე გაუარესება მოხდა.

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭირო, არამედ მისი ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია, შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან”, —განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს, 17 ივნისს, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მთავარეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა გაიმართა ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მთავარეპისკოპოსი იაკობი 14 ივნისს დაინიშნა. მანამდე ამ პოზიციას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი