ახალი ამბები

მე პირადად წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების — ვოლსკი პრაიდზე

16 ივნისი, 2021 • 1649
მე პირადად წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების — ვოლსკი პრაიდზე

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქე თავისი შეხედულებისა და განსხვავების მიუხედავად. ამის შესახებ მან ლევან ვასაძის განცხადების საპასუხოდ განაცხად, რომელიც სახელმწიფოს 10-დღიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ პრაიდის ღონისძიება გააუქმოს.

პრაიდზე საუბრისას ვოლსკი ამბობს, რომ “პოპულარიზაციისა და რეკლამირების” წინააღმდეგია, თუმცა ვასაძის მიდგომა არასწორია.

“არასწორი მიდგომაა იმიტომ, რომ საზოგადოება არსებობს და საზოგადოება მრავალფეროვანია, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს. მე პირადად წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების, მაგრამ უნდა დავინახოთ ისიც, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ.

არა მხოლოდ კანონის წინაშე, უფლის წინაშეც ყველანი თანასწორი ვართ და ერთმანეთის წინაშეც თანასწორი ვართ. დავუწუნოთ ერთმანეთს ქმედება, განცხადებები, პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ვერ დაუწუნებ და ვერ გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე ყველას ერთნაირ ვალდებულებას, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას კანონი და ნებისმიერი მოქალაქე თავისი შეხედულებისა და განსხვავების მიუხედავად”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი  თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში “ღირსების მარში” გაიმართება.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების მანძილზე, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე. თუმცა არაერთ ქვეყანაში ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით. უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად ვერ ახერხებენ პრაიდის ჩატარებას სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო.

“თბილისი პრაიდი” 5 ივლისს რუსთაველზე “ღირსების მარშს” გამართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი