ახალი ამბები

მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო – ვოლსკი

16 ივნისი, 2021 • 1183
მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ბავშვებზე ძალადობა ეკლესიის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება და ასეთი რამის არსებობის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ “გაილაშქრებს”. ამის შესახებ მან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, ნინოწმინდის პანსიონის გამო ეკლესიის წინააღმდეგ “სკანდალური, ისტერიკული” მიდგომა იმაზე მიუთითებს, რომ სიმართლის დადგენა კი არა, ეკლესიისთვის ზარალის მიყენება სურთ.

“მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო, და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა. ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იქნა, არის ჩვენი, საზოგადოების, ყველას საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს, სახალხო დამცველს, სახელმწიფოს წარმომადგენელს, ეკლესიის წარმომადგენელს, ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს – ბავშვის ინტერესები უპირველეს ყოვლისა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება იმას, რომ ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, ვოლსკის თქმით, სახალხო დამცველი სასულიერო პირებს უნდა დაელაპარაკოს და ადამიანის უფლებების დაცვას “მაქსიმალური დიპლომატიით ეცადოს”.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

14 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მთავარეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. მანამდე ამ პოზიციას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი