ახალი ამბებიკომენტარი

როგორ დავიზღვიოთ თავი უეცარი კარდიული სიკვდილისგან? — ინტერვიუ გიორგი პაპიაშვილთან

15 ივნისი, 2021 • 5544
როგორ დავიზღვიოთ თავი უეცარი კარდიული სიკვდილისგან? — ინტერვიუ გიორგი პაპიაშვილთან

რა არის უეცარი კარდიული სიკვდილი და როგორ უნდა დავიზღვიოთ მისგან თავი? რატომ არ დგას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გულის ავტომატური დეფიბრილატორები და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ წელიწადში ათასობით ადამიანის უეცარი სიკვდილისგან დასაცავად? — ამ საკითხებზე “ნეტგაზეთს” კარდიოლოგიის, რითმოლოგიის და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის გამგეობის წევრ გიორგი პაპიაშვილი ესაუბრა.


— 12 ივნისს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ევროპის ჩემპიონატის მატჩში განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, როდესაც დანიელ ფეხბურთელს, კრისტიან ერიკსენს მოულოდნელად გული გაუჩერდა. მისი გადარჩენა გულის მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის პროცედურების შემდეგ, დეფიბრილატორის გამოყენებით გახდა შესაძლებელი. რა არის გულის უეცარი გაჩერება და როდის დგება ის?

— გულის უეცარი გაჩერება ეწოდება ისეთ მდგომარეობას, როდესაც მოულოდნელად ჩერდება გული, ხოლო თუ ამას მოსდევს სიკვდილი (და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მოსდევს), უკვე უეცარი კარდიული სიკვდილი ეწოდება. უეცარ კარდიულ სიკვდილს ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის არის გულის სხვადასხვა დაავადება, გენეტიკურად განპირობებული დაავადებები, გადატანილი ინფარქტი ან გულის კუნთის სხვადასხვა დაავადებები, თუმცა შეიძლება განვითარდეს ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც კი. მათ შორის, სპორტსმენებში არაერთხელ მომხდარა ადრეც, რომ მოედანზე სპორტსმენს გული გაუჩერდა. ბევრი მათგანი, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა. იყო შემთხვევები, ერიქსენის მსგავსად, როდესაც ფეხბურთელი გადარჩა.

სპორტსმენების შემთხვევაში გულის უეცარი გაჩერების მიზეზი ყველაზე ხშირად არის ხოლმე ე.წ. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია. ეს არის დაავადება, როდესაც გულის კუნთის გასქელება ხდება და შემდგომში მიდრეკილია რთული და სიცოცხლისთვის საშიში არითმიებისკენ. მეორე ვარიანტია, როცა გულის მკვებავი სისხლძარღვების ანომალიური განლაგებაა, რაც თავიდანვე შეიძლება არ იყოს შემჩნეული, მაგრამ შემდგომში, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების დროს, გულის უეცარი გაჩერების პროვოცირებას ახდენს. ასევე, არსებობს ისეთი გენეტიკური დაავადებები, რომლებსაც პირველად ელექტრულ დაავადებებს უწოდებენ, როდესაც სტრუქტურულად გული ჯანმრთელია, მაგრამ გენეტიკურად განპირობებული ელექტრული ხასიათის დარღვევები გულის კუნთში გულს მიდრეკილს ხდის ავთვისებიანი არითმიების განვითარებისკენ.

რატომ ვამბობ არითმიებს? — იმიტომ, რომ გულის გაჩერება თავისთავად არითმიის ერთ-ერთი ფორმაა. პირდაპირი მნიშვნელობით გულის გაჩერება ბევრად იშვიათია. უმეტესწილად, როდესაც გულის უეცარ გაჩერებაზე, კარდიულ სიკვდილზე ვსაუბრობთ, გული უბრალოდ კი არ ჩერდება, არამედ გულის კუნთის ცალკეული ბოჭკოები იწყებენ არაკოორდინებულ შეკუმშვებს. ეს განაპირობებს იმას, რომ გული, როგორც ერთიანი ორგანო, აღარ იკუმშება და თითქოს თრთის. შესაბამისად, ის ვერ გადაისვრის სისხლს, რაც თავისთავად გულის გაჩერების ტოლფასია. ეს არითმიაა და მას პარკუჭების ფიბრილაცია ეწოდება. დეფიბრილაციის დანიშნულებაა, რომ ერთიანი ძლიერი ელექტრული მუხტის მიცემით მოხდეს გულის კუნთის ცალკეული ბოჭკოების ერთ მომენტში შეკუმშვა და მათი ქაოსური ელექტრული აქტივობის ერთ მომენტში “განულება”, რის შემდეგაც გულს საშუალება ეძლევა, რომ ერთიანად შეკუმშვა განაგრძოს.

— ელექტრული შოკის გამოყენება (დეფიბრილაცია) გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა ამ შემთხვევაში?

— დიახ. თუ გული უეცრად ჩერდება ფიბრილაციით, ერთადერთი საშუალება არის პირველი მაქსიმუმ 3-4 წუთის განმავლობაში განხორციელებული ელექტრონული შოკი, ვინაიდან თუ ამაზე მეტხანს არის გული გაჩერებული და სისხლი არ მიეწოდება თავის ტვინს, დიდი ალბათობით, თავის ტვინი დაიწყებს კვდომას და მერე შეუძლებელი ხდება ადამიანის გადარჩენა.

— როგორ უნდა გავარჩიოთ, რომ საქმე გვაქვს გულის უეცარ გაჩერებასთან და არა სხვა, სიმპტომურად მსგავს შემთხვევასთან და რა უნდა ვქნათ, თუ ელექტროშოკი ხელმისაწვდომი არ არის?

— როდესაც ადამიანს უეცრად უჩერდება გული, პირველი სიმპტომია გონების დაკარგვა. თუ დავინახეთ, რომ ადამიანი უეცრად უგონოდ დაეცა, პირველ რიგში, უნდა შევაფასოთ მისი პულსი. შეიძლება, ადამიანმა გონება სხვა მექანიზმით დაკარგოს, მაგრამ ამ დროს გული არ იქნება გაჩერებული. ამის შემოწმების ყველაზე მარტივი საშუალებაა, ვუნახოთ პულსი საძილე არტერიაზე, რადგან მაჯაზე შეიძლება არ იყოს ადვილი სანახავი. თუ ეს არ არის გულის უეცარი გაჩერება, არტერიაზე პულსაცია უნდა იგრძნობოდეს. თუ ადამიანი უგონოდ დაეცა და პულსაცია არ აქვს, მაშინ უკვე უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით, ეს არის გულის უეცარი გაჩერება. რა თქმა უნდა, იმ წამსვე გვერდში დეფიბრილატორი არავის ექნება. ამიტომ პირველი, რაც უნდა დავიწყოთ, არის გულ-მკერდის არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა. ამან შეიძლება მოგვაგებინოს რამდენიმე წუთი, ვიდრე ჩვენს ხელთ აღმოჩნდება დეფიბრილატორი ან მოვა სასწრაფო. გულის ხელოვნური მასაჟი მექანიკურად უზრუნველყოფს, რომ ტვინს სისხლი მიეწოდოს. ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე წუთის დაგვიანებითაც რომ განხორციელდეს დეფიბრილაცია, შეიძლება შედეგიანი იყოს. ამიტომ, ორივე ეს ღონისძიება, პრაქტიკულად, ერთდროულად უნდა განხორციელდეს.

— ადრენალინის გამოყენება ამ შემთხვევაში რამდენად მიზანშეწონილია?

— ადრენალინს იყენებენ გახანგრძლივებული რეანიმაციის დროს, როცა მასაჟს და დეფიბრილაციას დაუყოვნებლივ არ მოსდევს შედეგი, შემდგომში ხდება მედიკამენტოზური მხარდაჭერაც, მაგრამ ეს მეორე ეტაპია. თავდაპირველად რაც უნდა გაკეთდეს, არის ხელოვნური სუნთქვა, გულის არაპირდაპირი მასაჟი და დეფიბრილატორი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხელმისაწვდომი იყოს გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორები. ბევრს შეიძლება ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი რთული მოწყობილობა ეგონოს. ეს არ არის პროფესიული სამედიცინო დეფიბრილატორი, რომელსაც ექიმი მოიხმარს. ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ მისი გამოყენება შეძლოს ნებისმიერმა ადამიანმა. ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში ასეთი დეფიბრილატორებით აღჭურვილია ძალიან ბევრი ადგილი. ისინი უადვილესი გამოსაყენებელია. როგორც წესი, სულ აქვს ერთი ან ორი ღილაკი და იძლევა სიტყვიერ მითითებებს. აქვს ორი წებოვანი დასაწებებელი და თითოეულს ახატია, გულმკერდის რა ადგილზე უნდა დააწებო. აპარატი სიტყვიერად იძლევა მითითებას, რომ დააწებოთ  შესაბამის ადგილებზე და დააჭიროთ პირველ ღილაკს. ამის შემდეგ აპარატი თვითონ აანალიზებს, მისაცემია თუ არა შოკი და თუ ასეა, იძლევა მითითებას, რომ დააჭიროთ მეორე ღილაკს, რის შემდეგაც აპარატი ახორციელებს ელექტრულ “შოკს” ანუ დეფიბრილაციას.

— საქართველოში თუ არის ასეთი აპარატები და რამდენად საჭიროა, რომ იყოს?

— არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენია, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ცოტაა. თუ არ ვცდები, აეროპორტში უნდა იყოს ერთი და შეიძლება სტადიონზეც არის. თუ მივყვებით განვითარებულ სამყაროში არსებულ ტენდენციას, გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორები უნდა იყოს ყველა იმ ადგილას, სადაც არის მასობრივი თავშეყრა, იქნება ეს სპორტული არენა, დიდი სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, ვაგზალი, სკოლები და ა.შ.

— რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ არ გვაქვს საქართველოში?

— რთული საკითხია, რატომ არ გვაქვს. ამაზე იყო არაერთხელ საუბარი, ჩვენც ვაკეთებდით აქცენტებს, სხვა ექიმებსაც გამოუთქვამთ აზრი. მახსოვს, წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა პირდაპირ სცენაზე, მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოთქვა აზრი, რომ უნდა შემოეტანათ ეს აპარატები. მერე რატომღაც მივიწყებულ იქნა ან შეიძლება, რამდენიმე შემოიტანეს, მაგრამ საკმარისი რაოდენობით არ არის. ვერ გეტყვით, რა ხარჯებს უკავშირდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მწარმოებელს შორის ხელშეკრულებაზე. როდესაც ტენდერით ხდება შემოტანა, შეიძლება, საკმაოდ იაფადაც მოხდეს. არა მგონია, რომ ეს იყოს ძალიან ძვირი და, ვფიქრობ, შესაძლებელია შემოტანა და შესაბამის ადგილებში დამონტაჟება. ამისთვის, ალბათ, საჭიროა ნება, ნებას კი საზოგადოებრივი ინტერესი ქმნის.

— ვინ არიან უეცარი კარდიული სიკვდილის რისკჯგუფში და რამდენად შესაძლებელია მისი პრევენცია?

— არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლითაც შეგვიძლია, რომ კონკრეტულ ადამიანებში შევაფასოთ რისკი. სამწუხაროდ, ყოველთვის 100%-ით ვერასდროს დაადგენ რისკს იმიტომ, რომ ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც არ არის გამოკვლეული, მანამდე არაფერი აწუხებდა, ან შეიძლება გამოკვლეულია, მაგრამ არაფერი ნიშნები არ ჰქონდა. მაგრამ უამრავია ისეთი პაციენტი, ვისთანაც შესაძლებელია მომატებული რისკის განსაზღვრა. პირველ რიგში, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი. გადატანილი ინფარქტი და გულის იშემიური დაავადება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრედიქტორი და გამომწვევია გულის უეცარი გაჩერების. ასევე, რისკჯგუფს განეკუთვნებიან გულის კუნთის სხვადასხვა დაავადებების — კარდიომიოპათიების — მქონე ადამიანები და გარკვეული გენეტიკური არითმოგენული დაავადებების მქონე პირები. ესენი შეიძლება პირველად ბავშვობის ასაკში გამოვლინდეს. შესაბამისად, ბავშვთა ასაკშიც არაერთხელ დაფიქსირებულა უეცარი კარდიული სიკვდილის შემთხვევები, მაგალითად, ფიზკულტურის გაკვეთილზე. ყოველთვის არ არის აუცილებელი, ფიზიკურ დატვირთვასთან იყოს ასოცირებული, ზოგჯერ დატვირთვის გარეშეც ხდება.

ყველა ეს დაავადება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, წინასწარ გამოვლინდეს ექიმთან ვიზიტისას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზი. თუ ადამიანს ოჯახში, ახლო სანათესაოში ჰქონდა უეცარი კარდიული სიკვდილის შემთხვევა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს უახლოესი ოჯახის წევრების გამოკვლევა, რადგან შესაძლებელია, გენეტიკური საფუძველი ედოს და ამ ოჯახში სხვა ადამიანი მაინც გადარჩეს.

როცა უკვე იცი, რომ რისკი არსებობს, პრევენცია შესაძლებელია. პირველ რიგში, თვითონ იმ დაავადების აქტიური მკურნალობა უნდა მოხდეს, რაც განაპირობებს რისკს. მაღალი რისკის შემთხვევაში არსებობს გულში იმპლანტირებადი აპარატები, პატარა დეფიბრილატორები, რომლებიც აკონტროლებს გულის რიტმს და თუ აპარატმა ამოიცნო პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ან პარკუჭთა ფიბრილაციის განვითარება, ავტომატურად აძლევს ელექტრულ შოკს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ შემთხვევაში დრო არ იკარგება, გადარჩენის ალბათობა თითქმის 100%-მდეა.

— არის რამე წინმსწრები სიმპტომი, რომელიც შეიძლება უეცარი კარდიული სიკვდილის რისკზე მიანიშნებდეს და ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს?

— შეიძლება პირველი სიმპტომი უეცარი სიკვდილი იყოს, რაც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ზოგ შემთხვევაში არის რაღაც სიმპტომები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველ რიგში, ეს არის გონების დაკარგვა. ადამიანი, რომელსაც გული წაუვიდა, გონება დაკარგა, აუცილებლად უნდა იქნას გამოკვლეული ექიმის მიერ. არ მინდა, ვინმე შევაშინო, ვინაიდან გონების დაკარგვის აბსოლუტური უმეტესობა სრულიად უწყინარი, ბანალური გულის წასვლაა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს გულის უეცარ გაჩერებასთნ, მაგრამ თუ ადამიანს აქვს გადატანილი ინფარქტი ან გულის კუნთის დაავადება და ამის ფონზე მოუვიდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, შეიძლება იყოს ცუდი შედეგის მომასწავებელი. ასევე, ყურადღებამისაქცევია გულის უეცარი აჩქარების ეპიზოდები, განსაკუთრებით, თუ ამავდროულად ადამიანს აქვს თავბრუსხვევა, გონების კარგვის შეგრძნება, ეს უნდა იქნას გამოკვლეული. ნებისმიერი სხვადასხვა არითმიის აღმოცენება და გონების კარგვა ყურადღებამისაქცევია, რომ არ გამოგვეპაროს. მნიშვნელოვანია გონების კარგვის გარემოებებიც. გონების დაკარგვა ხშირად არასახიფათო მიზეზით არის გამოწვეული, თუ ემოციაზე ან ფიზიკურ ტკივილზე მისდის ადამიანს გული, მაგრამ თუკი ფიზიკურ დატვირთვაზე წაუვიდა გული ან არაფერი მაპროვოცირებელი არ ჰქონდა და მოულოდნელად დაკარგა გონება, გამოსაკვლევია, ხომ არ არის ამის უკან რამე დაავადება, რომლის მიხედვითაც შემდგომ უკვე შეგვიძლია რისკის შეფასება..

— როგორც აღნიშნეთ, ადამიანებს, რომელთაც უეცარი კარდიული სიკვდილის გაზრდილი რისკი აქვთ, ესაჭიროებათ იმპლანტირებადი დეფიბრილატორის ჩანერგვა ორგანიზმში. რამდენად ხელმისაწვდომია ეს სერვისი საქართველოში, რა თანხებთან არის დაკავშირებული და ფარავს თუ არა საყოველთაო ჯანდაცვა და ერძო სადაზღვევოები?

— ამ აპარატების ჩანერგვა უკვე თითქმის 20 წელია ხდება საქართველოში, მაგრამ ყოველთვის იყო ხელმისაწვდომობის პრობლემა. დღევანდელი კურსის გათვალისწინებით 18 ათასიდან 28 ათას ლარამდე მერყეობს აპარატის იმპლანტირების ღირებულება. საყოველთაო დაზღვევას აქვს ჩემთვის ცოტა გაუგებარი მიდგომა — აპარატის იმპლანტირებას აფინანსებს მხოლოდ პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და კიდევ რამდენიმე მიზნობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის, პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის. სხვა შემთხვევაში, პირდაპირ გამონაკლისში უზით. წლების განმავლობაში არაერთხელ მივმართეთ სამინისტროს, რომ გადაეხედათ ამ მიდგომისთვის და ყველასთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. შეიძლება პაციენტმა რეფერალურ პროგრამას ან მერიას მიმართოს კონკრეტული თხოვნით და დაუფინანსდეს, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვაში ეს მომსახურება არ შედის.

კერძო დაზღვევები კი ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ აპარატების ჩანერგვა არ დააფინანსონ, გაჰყავთ ენდოპროტეზირებაში და ა.შ. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, კერძო სადაზღვევო კომპანიები დეფიბრილატორის იმპლანტაციას არ აფინანსებენ.

— როგორია უეცარი კარდიული სიკვდილის სტატისტიკა საქართველოში?

— პრობლემა ის არის, რომ კონკრეტულად უეცარი სიკვდილის სტატისტიკას თითქმის არავინ აღრიცხავს. ექიმებშიც კი ხშირ შემთხვევაში ამ პრობლემის არასწორი სახელდება ხდება. მაგალითად, სასწრაფო როდესაც შეესწრება, ძალიან იშვიათად მათ გამოიტანონ ეს დიაგნოზი. ათასი მითებით არის გაჯერებული ჩვენი საზოგადოება, მათ შორის სამედიცინო საზოგადოებაც, და გულის უეცარ გაჩერებას არქმევენ ხოლმე სრულიად გაუგებარ არასამედიცინო ტერმინებს: თრომბი დაემართა, გული გაუსკდა და სხვა. მაგრამ სხვა ქვეყნების სტატისტიკით შეიძლება დაახლოებითი სურათი გამოვიყვანოთ. თავის დროზე, უბრალოდ, პროპორციულად გადმოვიტანეთ, მილიონ მოსახლეზე რამდენი ადამიანი კვდებოდა უეცარი კარდიული სიკვდილით ევროპის და ამერიკის ქვეყნებში და უხეში გათვლებით, წლიურად დაახლოებით 4 500-დან 9 000-მდე სიკვდილი გამოგვივიდა საქართველოში. ეს მხოლოდ ვარაუდია, იმიტომმ რომ ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ ნამდვილად იმაზე უფრო ხშირია, ვიდრე ზოგადად წარმოგვიდგენია.

— რა უნდა გაკეთდეს, ერთი მხრივ, ამ პრობლემის ცნობადობის ამაღლების კუთხით საზოგადოებაში და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ უეცარი სიკვდილის პრევენციის მიზნით?

— პირველ რიგში, საჭიროა ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორებით აღჭურვა და ამაზე საინფორმაციო კამპანია, რომ ხალხმა იცოდეს მათი არსებობის შესახებ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი სამედიცინო დახმარების ცოდნა მოსახლეობისთვის. არსებობს არაერთი კურსი, ფასიანი და უფასოც. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება პირველადი დახმარების აღმოჩენის ცოდნა და შესაძლებლობა, მით უკეთესია, იმიტომ, რომ ვინც აღმოჩნდება ასეთი მსხვერპლის გვერდზე, იმას შეუძლია იყოს გადამრჩენი და ეს შეიძლება ექიმი არ იყოს.

ასევე, საჭიროა, იმპლანტირებადი დეფიბრილატორების ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი მოსახლეობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი