ნეტგაზეთი | გაბუნია ეპისკოპოს იაკობზე: იზრდება მოლაპარაკებების უფრო ეფექტიანად გაგრძელების შესაძლებლობა გაბუნია ეპისკოპოს იაკობზე: იზრდება მოლაპარაკებების უფრო ეფექტიანად გაგრძელების შესაძლებლობა – Netgazeti
RU | GE  

გაბუნია ეპისკოპოს იაკობზე: იზრდება მოლაპარაკებების უფრო ეფექტიანად გაგრძელების შესაძლებლობა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სამინისტრო საპატრიარქოსთან მუშაობას გააგრძელებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, დაწესებულების ახალი ხელმძღვანელობის პირობებში იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებები უფრო ეფექტიანად გაგრძელდეს:

“ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს საპატრიარქოსთან ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან სპონტანურად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება, ამას სჭირდება მომზადება და შესაბამისი დაგეგმვა, რათა უსაფრთხოდ მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით გადაყვანა სხვა დაწესებულებებში. რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში შესაძლებლობა იმის, რომ ეს მოლაპარაკებები კიდევ უფრო ეფექტიანად გაგრძელდეს, ჩვენთვის იზრდება. ამრიგად, მუშაობას ამ მიმართულებით ვაგრძელებთ”, — აცხადებს თამარ გაბუნია.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მთავარეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. მანამდე ამ პოზიციას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი იკავებდა.

„მოხდა ის, რომ მეუფე თავისი ნებით ეპარქიაში დაბრუნდა მთლიანად და ეს არის პატრიარქის გადაწყვეტილება. მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე“, – აცხადებს მთავარეპისკოპოსი იაკობი ჟურნალისტებთან.

ჟურნალისტებთან საუბარში ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი პანსიონში სიახლეებს გეგმავდა, რომელსაც საბოლოოდ ის შეასრულებს ერთი წლის განმავლობაში.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან  სახელმწიფოს ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოეყვანა. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.