ახალი ამბები

ზაზა გახელაძის ოჯახი მისი გათავისუფლების მოთხოვნით 23 ივნისს აქციას გეგმავს

14 ივნისი, 2021 • 1158
ზაზა გახელაძის ოჯახი მისი გათავისუფლების მოთხოვნით 23 ივნისს აქციას გეგმავს

ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახი მისი გათავისუფლების მოთხოვნის საპროტესტო აქცია აანონსებს. ჯერჯერობით უცნობია აქციის გამართვის ადგილი, თუმცა ის 23 ივნისს იგეგმება.

23 ივნისი ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.

„ერთდაერთი მოთხოვნა გვაქვს ოჯახს — ზაზას თავისუფლება“, – ამბობს ნეტგაზეთთან ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გათავისუფლების შესახებ დამატებითი ცნობებით ოჯახს არავინ დაკავშირებია.


ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

გახელაძე ცხინვალში გაასამართლეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [317 და 322] [საზღვრის უკანონო დარღვევა და პოლიციელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით]. 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“

მასალების გადაბეჭდვის წესი