ახალი ამბები

ჯაღმაიძის თქმით, პანსიონის დახურვაზე არაა საუბარი, საუბარია სტანდარტებთან დაახლოებაზე

13 ივნისი, 2021 • 1079
ჯაღმაიძის თქმით, პანსიონის დახურვაზე არაა საუბარი, საუბარია სტანდარტებთან დაახლოებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ 2022 წლის აპრილიდან ახალი კანონი შედის ძალაში, რომლის ამოქმედების შემდეგაც ქვეყანაში დიდი ზომის ინსტიტუციები დაიხურება. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე იხურება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი, ბარკალაიამ უპასუხა, რომ შემდეგ წელს “მისი საჭიროება პრინციპში აღარ იქნება”. ამას გარდა, მან თქვა რომ ამ ეტაპზე პანსიონში 23 ბავშვი რჩება და სახელმწიფო ოჯახების მოძიების პროცესშია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი ესწრებოდა. შეხვედრა საპატრიარქოს ინიციატივით გაიმართა და მას კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი და მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაესწრნენ.

“კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომლებიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვასა და ბავშვთა ზრუნვის სტანდარტების დაკმაყოფილებას მოიაზრებს. გამოდის პრინციპში რომ პანისიონის საჭიროება აღარ იქნება. ვმუშაობთ იმ ბავშვებთან, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და ოჯახებში გაგვყვავს. მოგეხსენებათ რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. ვადები რთულია რომ დავასახელო, რადგან არ ვიცით და სრულად არ არის შეფასებული ყველა ბავშვის საჭიროება. ისევე როგორც მათი ალტერნატიული ზრუნვის საკითხი,”-განაცხადა ბარკალაიამ.

შეხვედრის შემდეგ ასევე ისაუბრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმაც. ანდრია ჯაღმაიძემ თქვა რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვაზე საუბარი არ ყოფილა და მსჯელობა მიმდინარეობს მის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასთან დაკავშირებით.

“ერთსულოვნებას მივაღწიეთ იმასთან დაკავშირებით რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნეეს ყველა საკითხი გადაწყვეტილი. მნიშვნელოვანია რომ ყველა ჩვენგანმა, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს რომ ბავშვების ინტერესი პირველ რიგში არის ის რომ პრობლემებს რეალურად შევხედოთ. არ მოხდეს უტრირება და ამ პრობლემების რაიმე პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, რათა ბავშვის ინტერესი არ გადაიფაროს რაიმე სხვა ინტერესებით. დახურვაზე საუბარი არ არის. საუბარია იმაზე რომ დროთა განმავლობაში მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა.”

ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენელმა ჯაღმაიძისგან განსხვავებით თქვა, რომ ყველა დიდი ზომის პანსიონი, მათ შორის ნინოწმინდის პანსიონი უნდა დაიხუროს და საპატრიარქო ამ მოსაზრებას იზიარებს.

“არა მხოლოდ ნინოწმინდის, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება. საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას და ყველა პანსიონზე არის საუბარი,”-განაცხადა მან.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ყველა მხარე შეთანხმდა რომ დაცული უნდა იყოს ბავშების საუკეთესო ინტერესები იმ გარემოში, სადაც ახლა იმყოფებიან.

“რა თქმა უნდა, დღევანდელი დისკუსია მიმართული იყო ნინოწმინდის პანსიონზე, მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ გვქონდა აშკარა შეთანხმება [ყველა მხარეს] საჭიროებებზე, რათა დაცული იყოს ბავშვების საუკეთესო ინტერესები იმ გარემოში, სადაც ცხოვრობენ. აუცილებელია ფსიქოლოგიური, ფინანსური მხარდაჭერა. დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო, რათა მივაღწიოთ დასახულ პრიორიტეტებს,”-განაცხადა ჰარცელმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც “ტვ პირველი” ავრცელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი