ახალი ამბები

ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმთან მისი, როგორც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის, მემორიალური დაფა განთავსდა

11 ივნისი, 2021 • 1492
ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმთან მისი, როგორც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის, მემორიალური დაფა განთავსდა

თბილისში, ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმთან, პოეტის მემორიალური დაფა განთავსდა, რომელზეც აღნიშნულია, რომ ტაბიძე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლია. მემორიალური ნიშანი “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ” განათავსა პროექტის ფარგლებში- “უკანასკნელი მისამართი. საქართველო”.

აღნიშნული პროექტი საზოგადოებრივი ინიციატივაა, რომლის მიზანიც საბჭოთა ხელისუფლების წლებში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის უკვდავყოფაა.

“1930-იანი წლებიდან, განსაკუთრებით საბჭოთა რეჟიმის დაცემის შემდეგ, ტიციან ტაბიძე, ისევე, როგორც ტერორის მსხვერპლი სხვა მწერლები და პოეტები, რეჟიმის მსხვერპლების სიმბოლოებად გადაიქცნენ. მიუხედავად ამისა, დღემდე საბჭოთა ტერორის და ტოტალიტარიზმის შესახებ ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში არ არის ის მდგომარეობა, როგორიც უნდა იყოს. ის ფუნდამენტური ნაბიჯები, რომელიც საზოგადოებას დაეხმარებოდა ამ მემკვიდრეობიდან გათავისუფლებაში.

ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ საჯარო სივრცეში ძალიან ძუნწად და მორიდებით არის წარმოდგენილი ამ მაღალი მასშტაბის ადამიანური წმენდის, პოლიტიკური ტერორის და რეპრესიების კვალი და მემორიალური ნიშნები”, — განმარტა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” წარმომადგენელმა, ირაკლი ხვადაგიანმა მემორიალური დაფის წარდგენისას.

ტიციან ტაბიძის შვილიშვილი გივი ანდრიაძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასზე ასახულია, რომ ტაბიძე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა:

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ხალხი სტუმრობს ამ მუზეუმს და ეს დაფა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ 42 წლის ასაკში დახვრიტეს კაცი, როცა საკუთარი მოღვაწეობის ყველაზე კარგი პერიოდი ჰქონდა”, — განმარტავს ტიციან ტაბიძის შვილიშვილი.

ირაკლი ხვადაგიანმა გამოსვლისას ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რის გამოც დაფა არა სახლის გარე ფასადზე, არამედ სადარბაზოში განათავსეს. მისი განცხადებით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, შენობების გარე ფასადებზე რაიმეს განთავსება ბიუროკრატიული პროცესია და დამტკიცებას დიდი დრო სჭირდება. გარდა ამისა, ხვადაგიანის თქმით, თბილისის მერიის მხრიდან არ არის ნება, მსგავსი, რეპრესიების მსხვერპლი ადამიანების მემორიალური დაფები განთავსდეს.

“რადგან ფასადზე განთავსება, ფაქტობრივად, გადაულახავ წინაღობებს ითხოვს, ჩვენ ვიპოვეთ ასეთი გამოსავალი, რომ განვათავსოთ ეს დაფა უშუალოდ შიდა სივრცეში მანამდე, სანამ უკეთესი მომავალი არ დადგება. და ეს ფირფიტაც ფასადზე არ გადაინაცვლებს, იქ, სადაც არის მემორიალური დაფა, თუმცა უშუალოდ რეპრესიის ელემენტზე არ საუბრობს”, — განმარტა ხვადაგიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მემორიალური დაფები ქართულ და ინგლისურ ენაზეა, რაც ნებისმიერ გამვლელს მისცემს საშუალებას, გაიგოს იმ ადამიანების შესახებ, ვინც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი