ახალი ამბები

მომხსნეს იმ მოტივით, რომ გახარიას მიერ ვარ დანიშნული – საქპატენტის დირექტორი

11 ივნისი, 2021 • 1752
მომხსნეს იმ მოტივით, რომ გახარიას მიერ ვარ დანიშნული – საქპატენტის დირექტორი

საქპატენტის [სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი] უკვე ყოფილი თავმჯდომარე მინდია დავითაძე აცხადებს, რომ 9 ივნისს პოლიტიკური მოტივით პრემიერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც დავითიძე Facebook-ზე წერს, მანამდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშილმა დაიბარა შეხვედრაზე და უთხრა, რომ რადგან ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ იყო დანიშნული ამ თანამდებობაზე, პოსტი უნდ დაეტოვებინა.

ამ პროცესებამდე, დავითაძის განცხადებით, საქპატენტში შრომის ინსპექციის სამსახური შევიდა და ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა, ისე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დალოდებია. ამას გარდა, დავითიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის შემდეგ ცდილობს მასთან შეხვედრას, თუმცა “მოუცლელობის” მიზეზით პრემიერი მას რამდენიმე თვე არ ხვდებოდა.

“მინდა გაცნობოთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობიდან ჩემი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაცია.

2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დავინიშნე საქპატენტის თავმჯდომარედ.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან. როგორც მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებას, პირადად მინდოდა მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ამასთან, განმეხილა მიმდინარე სამსახურებრივი საკითხები და სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჩემს წინადადებაზე, 3 თვის განმავლობაში ვიღებდი უარს მოუცლელობის მიზეზით მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან.
გუშინ მივლინებით ვიმყოფებოდი გურიის რეგიონში, სადაც შეხვედრა მქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ფორმირების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, გზაში დამაწია გათავისუფლების ბრძანება, რომელიც პრემიერ-მინისტრს გუშინწინ – 9 ივნისს მიუღია და რის შესახებაც გუშინ მეილით გვაცნობეს, სწორედ იმ დროს, როდესაც მივლინებაში ვიმყოფებოდი.
მოკლედ მინდა გაგაცნოთ ის პროცესები, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მიმდინარეობდა:
შეხვედრაზე უარის პარალელურად, მოულოდნელად, ჩემი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებით, ჩემი გათავისუფლების საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით, საქპატენტში ინსპექტირება განახორციელა შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელმაც 2021 წლის 13 მაისს, რეკორდულად მცირე ვადაში მოითხოვა საქპატენტში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია.
ინფორმაციის გადაგზავნიდან, ასევე, რეკორდულ დროში – 3 სამუშაო დღეში, შრომის ინსპექციამ, ისე, რომ არც კი დაელოდა სასამართლოში ანალოგიური საკითხის განხილვის შედეგებს, გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი, რითაც საქპატენტს დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომითი უფლების დარღვევის მიზეზით. ნიშანდობლივია, რომ სიჩქარეში შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან აჩქარებდნენ მთავრობიდან, გაფრთხილების გამოტანისას დაუშვა ტექნიკური შეცდომები.
რა თქმა უნდა, შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ჩვენ მიერ გასაჩივრდა სასამართლოში, სადაც ველოდებით საკითხის სამართლიან განხილვას და შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
ვინაიდან ჩემთვის ნათელი გახდა, რა პროცესებს ჰქონდა ადგილი, დაუყოვნებლივ მოვითხოვე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან – ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, რომელმაც ნიშანდობლივია, რომ სწორედ შრომის ინსპექციის დასკვნის გამოცემის შემდეგ მოიცალა შესახვედრად. ილია დარჩიაშილმა მომთხოვა განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა იმ მოტივით, რომ დანიშნული ვარ წინა პრემიერის – გიორგი გახარიას მიერ. სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი არგუმენტები, ვერ მოვისმინე.
მოთხოვნის მიუხედავად, რა თქმა უნდა, განცხადება არ დავწერე, ვინაიდან საქპატენტი გახლავთ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება. თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩემს უარს ხელი არ შეუშლია პრემიერ-მინისტრისთვის უკანონოდ გავეთავისუფლებინე, რაც სრულიად შემთხვევით გავიგე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას”,- წერს დავითაძე.

დავითაძე საქპატენტის დირექტორად 2020 წლის თებერვალში დაინიშნა

საქპატენტის თანამშრომელი ირაკლი კასრაძე ამბობს, რომ ყოფილი დირექტორი მინდია დავითაძე პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ და მისი აზრით, იმ დარღვევების გამო გაუშვეს, რაზეც რეაგირებას პროკურატურისგან, სახალხო დამცველისგან თუ სასამართლოსგან პირადად ითხოვდა. მეტიც, კასრაძის თქმით, გასულ წელს უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა პირადად მოსთხოვა “ნაციონალური მოძრაობისა” და “მთავარი არხის” სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაში ხელის შეშლა, უარის მიღების შემდეგ კი საქმიანობაში ჩარევა დაიწყო.

ირაკლი კასრაძე

“მთხოვდა, პოლიტიკური პარტიების ნიშნებისა და მათთან დაახლოებული პირების სასაქონლო ნიშები თუ შეიძლება რომ მომცეო. ეს სია შევადგინეთ და მივეცით. შემდეგ მთხოვდა [მინდია დავითაძე,] რომ მიმდინარე ორი განაცხადის “ნაციონალური მოძრაობისა” და “მთავარი არხის” სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაში ხელის შეშლას. წელიწადში ჩვენთან 5 ათასი ნიშანი შემოდის, ჩვენ აპოლიტიკური ორგანო ვართ.. შემოვიდა თქვენი განაცხადი, დავარეგისტრირებთ, თუ ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ვუთხარი, რომ ეს უკანონია, თან არაფერ შედეგს არ მოგვიტანს იმიტომ, რომ რეპუტაციას შელახავს საქპატენტისა და სახელმწიფოსი, თუმცა ვერ გაიგო. ამის შემდეგ მთხოვა, რომ ჩემთან ვერ იმუშავედა და სხვა პოზიციაზე გადაგიყვანო, რაზეც უარი ვთქვი. ამის შემდეგ უფლებები შემიზღუდა, ბაზაზე წვდომა [სადაც სასაქონლო ნიშნებზე განაცხადი შედის]. ამის შემდეგ ეს გავასაჩივრე გენერალურ პროკურატურაში. ასევე, ეს აქტი გავასაჩივრე სასამართლოში.. მერე თქვეს, რომ თურმე ნაციონალი ვარ და რაღაც სისულელე… ესეც გავასაჩივრე, როგორც პატივისა და ღირსების შელახვა საქალაქო სასამართლოში”,-ამბობს კასრაძე.

საქპატენტის სასაქონლო ნიშების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ შრომის უფლებების შეზღუდვაზე სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში დარღვევა დაადგინა.

“სახალხო დამცველმა რეკომენდაცია მინდია დავითაძეს წერილობით აცნობა, თუმცა, ვითომ გაითვალისწინა ომბუდსმენის რეკომენდაცია, დაახლოებით 1% რომ შეასრულო მოთხოვნის. ამის შემდეგ უკვე შრომის ინსპექციას დავუკავშირდი, თუმცა მათ რეკომენდაციასაც არ ასრულებდა. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა ნორმალურ ხელმძღვანელს დაგვინიშნავს და მუშაობას გავაგრძლებეთ”, – აცხადებს კასრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი