ახალი ამბები

სასამართლომ “ბარბარე ჯორჯაძეზე” კომპანიას ექსკლუზიური უფლებები არ მისცა – საქპატენტი

29 ივნისი, 2020 • 1072
სასამართლომ “ბარბარე ჯორჯაძეზე” კომპანიას ექსკლუზიური უფლებები არ მისცა – საქპატენტი

საქპატენტის (საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის) ინფორმაციით, შპს ქართულ სადისტრიბუციო-მარკეტინგულ კომპანიაზე არ გავრცელდება ექსკლუზიური უფლებები დასახელება “ბარბარე ჯორჯაძეზე”.

უწყებაში ამბობენ, რომ 2015 წელს დაწყებული სასამართლო დავა საქპატენტის გამარჯვებით დასრულდა, შესაბამისად,  ბარბარე ჯორჯაძის სახელი და გვარი, რომლის კულინარიული წიგნი 100 წლის შემდეგაც პოპულარულია, ვერ გახდება ერთი კონკრეტული პირის კუთვნილება. საქპატენტის ცნობითვე, განმცხადებელი მოითხოვდა  სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას.

“განმცხადებელს უარი ეთქვა კომბინირებული (ლოგო და სახელწოდება) სასაქონლო ნიშნის “ბარბარე ჯორჯაძე“ რეგისტრაციაზე. ექსპერტი დაეყრდნო “სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “თ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ ის შეიცავს საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს და ეს საკითხი არ არის შეთანხმებული ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან, თუკი ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე”, – ნათქვამია საქპატენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომბინირებული სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდა სრულად, რაც გულისხმობს იმას, რომ შპს ქართულ სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს ლოგო, სადაც წერია “ბარბარე ჯორჯაძე”, თუმცა “ბარბარე ჯორჯაძე” ექსკლუზიური უფლება ვერ ექნება.

“სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას, აპელანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ვერ დადგინდა ბარბარე დავითის ასულ ერისთავ-ჯორჯაძის (1833-1895წ.წ.) მემკვიდრეთა არსებობა, ასევე ვერ დადგინდა, რომ “ბარბარე ჯორჯაძე” წარმოადგენს საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას, მაგრამ კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პირველი ქართული რეცეპტების კრებულის “სრული სამზარეულო” ავტორი ბარბარე ჯორჯაძე, რომლის წიგნი 100 წლის შემდეგაც პოპულარულია, საქართველოში ცნობილი პიროვნებაა. შესაბამისად, მისი სახელი და გვარი ვერ გახდება ერთი კონკრეტული პირის კუთვნილება.

ამიტომ, კოლეგიის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: კომბინირებული სასაქონლო ნიშანი დარეგისტრირდა სრულად, მაგრამ სიტყვიერი ნაწილი “ბარბარე ჯორჯაძე” ნიშანში შევიდა, როგორც დაუცველი ნაწილი, და მასზე განმცხადებლის ექსკლუზიური უფლება არ გავრცელდა”, – აცხადებენ საქპატენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი