ნეტგაზეთი | ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიცის შორის დაპირისპირება მოხდა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიცის შორის დაპირისპირება მოხდა – Netgazeti
RU | GE  

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიცის შორის დაპირისპირება მოხდა

რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მოწინაარმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და შსს-ს წარმომადგენლებს შორის სოფელ ტვიშთან მოხდა, სადაც ჰესის მოწინააღმდეგეებს კარვები აქვთ გაშლილი.

როგორც ერთ-ერთი აქტივისტი სალომე სიმონია “ნეტგაზეთთან” ამბობს, აღნიშნული გზით კომპანიისთვის საკვები და სხვა ტვირთი გადაჰქონდათ, სწორედ ამას მოჰყვა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა.

სალომე სიმონიას თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ არიან დაკავებულები. ამ დროისთვის ხეობაში მშვიდი ვითარებაა.

რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა უკვე 6 თვეზე მეტია, თანდათანობით მომატებულ მხარდამჭერებთან ერთად, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია [თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება] და აშენებს კომპანია „ენკა რინიუებლზ“ [მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია „ენკა“ (Enka Insaat ve Sanayi) ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული „ქლინ ენერჯი ჯგუფი“].

ჰესის პროექტზე არაერთი კუთხით არსებობს კითხვები, — ინვესტორთან დადებულ კონტრაქტზე, მის დეტალებზე, მათ შორის მიწისა და რესურსების გადაცემის ნაწილში, კვლევებსა თუ სხვა ასპექტებზე [ამ ეტაპზე, გირჩევთ წაიკითოთ: სამინისტროსა და EMC-ის არგუმენტები ნამახვანის ჰესის კონტრაქტზე].

ვითარება 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლოსკენ დაიძაბა: 3 აპრილს კომპანიაში ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე [რომელიც ეთნიკური ნიშნით დანიშნეს, — ეკონომიკის მინისტრ თურნავასა და კომპანიის შეთანხმების შედეგად] ხეობაში საპოლიციო ძალის ფონზე ჩავიდა და განაცხადა, რომ კომპანიას უნდა გაეგრძელებინა მოსამზადებელი სამუშაოები.

იმავე დღეს ხეობაში შეიზღუდა გადაადგილების თავისუფლება. მეორე დღისთვის, 4 აპრილისთვის, გუმათჰესთან, — რომელიც სოფელი ნამოხვანიდან (სადაც კარვები იყო გაშლილი) დაახლოებით 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, –  უკვე აღმართული იყო საპოლიციო ბლოკპოსტი, რასაც მოსახლეობა ასევე პროტესტით შეხვდა. 14 აპრილს პოლიციამ უკვე რკინის ბარიკადები აღმართა გუმათჰესთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.