ახალი ამბები

“ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 13 ადამიანი დააკავეს

10 ივნისი, 2021 • 1178
“ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 13 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისსა და თელავში “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის, მათთვის მიმართვისა და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 13 ადამიანი დააკავეს. საზღვარგაერთ მყოფ ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიებით ინფორმაციით,  ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესსაქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან. მოდავე მხარეებმა უთანხმოების მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდმა – ზ.მ-მ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს – მ.მ-ს დაავალა.

“ამ უკანასკნელმა კი 2021 წლის 16 აპრილს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა, რომლის შედეგად, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა”,-აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციითვე, ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი