ახალი ამბები

როგორ (არ) დაიცვეს პარტიებმა ქცევის კოდექსი — კვლევა

9 ივნისი, 2021 • 1432
როგორ (არ) დაიცვეს პარტიებმა ქცევის კოდექსი — კვლევა

2020 წლის არჩევნების წინ 40-მა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, რითაც პარტიებმა პასუხისმგებლობა აიღეს ეთიკურ საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე.

ქცევის კოდექსის ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო კამპანიაში არ გამოიყენებდენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ და მუქარის შემცველ გამონათქვამებს, არ მიმართავდნენ ძალადობას, ფინანსებს განკარგავდნენ გამჭვირვალედ, აწარმოებდნენ პროგრამაზე ორიენტირებულ საარჩევნო კამპანიას, დაგმობდნენ კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებზე საკუთარი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მობილიზებას და დაპირისპირებას, არ გამოიყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსებს, ყალბ ინფორმაციას და ე.წ. „ბოტების“ ქსელს პოლიტიკურ ოპონენტებზე ელექტრონულ სივრცეში პოლიტიკური ან პერსონალური თავდასხმის მიზნით, არ განახორციელებდნენ ამომრჩევლების კონტროლს და თვალ-ყურის დევნებას არჩევნების დღეს, Covid-19-ის პრევენციის მიზნით დაიცავენ რეკომენდაციებს და სხვა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) მოიკვლია, თუ რამდენად შეასრულეს წამყვანმა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ეს პრინციპები და აღასრულეს ნორმები, რომლებზეც ისინი არჩევნების წინ ნებაყოფლობით შეთანხმდნენ. ანგარიშმა გამოავლინა:

  • ინფორმაციის ნაკლებობა შეზღუდული კომუნიკაცია ქცევის კოდექსის შესახებ
  • აღსრულების მექანიზმის არარსებობა
  • საგნობრივი დისკუსიის სიმცირე
  • ნეგატიური კამპანიის დომინანტურობა
  • მონიტორინგის ათი დღის განმავლობაში ეთიკის კოდექსის 300-ზე მეტი დარღვევა, რომელთა უმეტესობა ეკუთვნის იმ გამომსვლელებს, რომლებსაც პარტიაში მაღალი პოზიციები უჭირავთ.

მედიამონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ხშირად არღვევდნენ ქცევის კოდექსს მედიაში.

“მედიამონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ხშირად არღვევდნენ ქცევის კოდექსს მედიაში. მონიტორინგის ათი დღის განმავლობაში 300-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. მათი უმრავლესობა მოიცავდა პიროვნულ შეურაცხყოფას, პოლიტიკოსების დაუსაბუთებელ განცხადებებს, ოპონენტებისთვის დანაშაულის ან სხვადასხვა გადაცდომის დაბრალების მიზნით. დარღვევები ძირითადად მიზნად ისახავდა ამომრჩევლის თვალში ოპონენტის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას. შეურაცხყოფის, ბრალდებების და ცილისწამების რეგულარული გამოყენება მედიაში შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ამომრჩევლების პოლარიზაციას და დაბნევას ნაცვლად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დახმარებისა. თუმცა პოლიტიკოსები თავს იკავებდნენ სიძულვილის ენის გამოყენების ან მასობრივი ძალადობისკენ მოწოდებებისგან მედიაში”, — ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, წამყვანი პარტიები საარჩევნო კამპანიისას ნაკლებად აწარმოებდნენ დასაბუთებულ, საგნობრივ, პროგრამაზე და საკითხზე ორიენტირებულ მსჯელობას.

საგნობრივი გამოსვლების წილი გამოსვლების საერთო რაოდენობაში. წყარო: GIP

ექვს ტელევიზიაზე დაკვირვების შედეგად, GIP-მა დაასკვნა, რომ ორგანიზაციული და ელექტორალური თვალსაზრისით ორი ყველაზე ძლიერი პარტიის — “ნაციონალური მოძრაობის” (68%) და “ქართული ოცნების” (66%) — წარმომადგენლების გამოსვლების უდიდესი ნაწილი არასაგნობრივი იყო.

საგნობრივი გამოსვლების წილი თითოეული პარტიის შემთხვევაში. წყარო: GIP

სხვა პარტიებთან შედარებით, “ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ევროპული საქართველოს” და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელთა გამოსვლების დიდი წილი იყო სრულად ან ნაწილობრივ საგნობრივი.

თანმიმდევრობა ყველაზე მეტად საგნობრივიდან  არასაგნობრივისკენ შემდეგნაირად გამოიყურება:

საგნობრივი გამოსვლების წილი თითოეული პარტიის შემთხვევაში; წყარო: GIP

“პარტიები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 3%-ის ფარგლებში მიიღეს მხარდაჭერა, უფრო მეტად მიმართავდნენ საგნობრივ, საკითხზე ორიენტირებულ მსჯელობას, ვიდრე შედარებით დიდი პარტიები”, – ნათქვამია კვლევაში.

მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კომპონენტებს. თვისებრივი მეთოდი დაფუძნებულია სამაგიდო კვლევაზე და პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტერვიუებზე.

რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა მედიამონიტორინგის სახით. დარღვევების მედიამონიტორინგი მოიცავდა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მედიაორგანიზაციებს. ქცევის კოდექსის მუხლების დარღვევებზე დაკვირვების გარდა, ჩატარდა ექვსი ცენტრალური სატელევიზიო არხის მონიტორინგი, რათა გამოვლენილიყო, თუ რამდენად საგნობრივი, პროგრამაზე და პრობლემაზე დაფუძნებული იყო ძირითადი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია.

პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის აღსრულების მონიტორინგი მიმდინარეობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურამდე ათი დღის განმავლობაში. პირველი ტურის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების მიერ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შედეგად, საარჩევნო კამპანიის დინამიკის მკვეთრი ცვლილების გათვალისწინებით, არჩევნების მეორე ტურის მედიამონიტორინგი ჩანაცვლდა დამატებითი ინტერვიუებით პოლიტიკურ პარტიებთან, ექსპერტებთან და ადგილობრივ და საერთაშორისო
სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.

მონიტორინგი მოიცავდა ათ პოლიტიკურ პარტიას, რომლებმაც მიიღეს ხმების მინიმუმ 1% ბოლოდროინდელ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში (NDI-ის, IRIის, Edison research-ის მიხედვით): “ქართული ოცნება”, ენმ, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ლეიბორისტული პარტია”, “მოქალაქეები”, “ლელო”, “გირჩი” და “ერთიანი საქართველო”.

GIP-ის თანახმად, როგორც დარღვევების, ისე საგნობრივი წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგი მიმდინარეობდა დღის ყველაზე აქტიურ პერიოდში სატელევიზიო არხებისთვის (20:00 – 00:00). ამასთნ, საგნობრივი კამპანიის მედიამონიტორინგი დაფუძნებულია მხოლოდ ექვს სატელევიზიო არხზე. შესაბამისად, ანგარიში სრულყოფილად ვერ ასახავს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სტრატეგიას და მათი კამპანიის მახასიათებლებს, რადგან გარდა სატელევიზიო გადაცემებისა, პოლიტიკური პარტიები აქტიურად იყენებდნენ ამომრჩეველთან კომუნიკაციის სხვა საშუალებებს.

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის აღსრულების მონიტორინგის ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ამ თემაზე, ასევე, გირჩევთ “ნეტგაზეთის” სტატიას:

პარტიების ქცევის კოდექსი ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე?

მასალების გადაბეჭდვის წესი