Pussy Riot-ის ყოფილმა წევრმა რიტა ფლორესმა აღიარა, როგორ გადაიბირა იგი რუსეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მუქარით.

გამოცემა Port-თან ინტერვიუში რიტა ფლორესმა თქვა, რომ 2023 წლის თებერვალში, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სპეცსამსახურებს თანამედროვე ხელოვანებსა და პოლიტიკურ აქტივისტებზე ინფორმაციის შეგროვებაში ეხმარებოდა, ასევე, ცდილობდნენ, „მედიაზონის“ ყოფილი გამომცემლის და არტ-ჯგუფების Война-სა და Pussy Riot-ის წევრის პიოტრ ვერზილოვის მკვლელობის მომზადებაში ჩაერთოთ.

„ყველაფერი მარტივია, როგორც ფილმში: მაგიდასთან დავსხედით, განძრევა არ შემიძლია, გვერდით გახედვა არ შემიძლია. ჩემი გადაბირება დაიწყეს: ყველანაირად მემუქრებოდნენ, დამცინოდნენ, არცთუ სასიამოვნო რამეებს მეუბნებოდნენ, მემუქრებოდნენ ჩემი ოჯახის მოკვლით და იმით, რომ ცხოვრებაში ვერასდროს დავამტკიცებდი, ვინ მოკლა დედაჩემი. მეუბნებოდნენ, რა საზიზღარი და საშინელი ვიყავი, და რომ ჩემგან მთელი რუსეთის მთავარ სატანას შექმნიდნენ“, — განაცხადა ფლორესმა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდნენ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილ მკვლელობებზე დაწერილი პოსტების გამოც და მიანიშნებდნენ, რომ თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, იგი „უკვალოდ გაქრებოდა“.

დავალების სახით, იგი ადგენდა დახასიათებებს თანამედროვე ხელოვანებზე, მათ შორის პაველ კრისევიჩზე, მარია ალიოხინასა და Philippenzo-ზე, და ასმენდა კოლეგებს, რომელთა ნამუშევრებშიც „სამშობლოს შეურაცხყოფა“ ფიქსირდებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ФСБ-სთან თანამშრომლობის დასაწყისში მას ერთხელ ნაღდი ფულით, კონვერტით 30 ათასი რუბლი გადაუხადეს. სპეცსამსახურისგან ფულის რეგულარულად მიღება კი მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაიწყო — ყოველი თვის 15 რიცხვში მას 50 ათას რუბლს უხდიდნენ. ბოლო „ხელფასი“ მან ივნისში მიიღო.

მას შემდეგ, რაც კურატორებმა ეჭვი შეიტანეს, რომ იგი განგებ აჭიანურებდა მსხვერპლთა დამუშავებას და კარგავდა მათთვის საინტერესო კავშირებს ხელოვანებთან, გადაწყვიტეს მისთვის მიეცათ „ყველაზე რადიკალური დავალება“ — დახმარებოდა პიოტრ ვერზილოვის მკვლელობაში.

ФСБ-ს გეგმით, გოგონას ვერზილოვი სერბეთში უნდა გაეტყუებინა, შეხვედროდა კაფეში, რომელიც „ФСБ-ს თანამშრომლებითა და ბანდიტებით იქნებოდა სავსე“, რაიმე მიზეზით გარეთ გასულიყო, ვერზილოვს კი გაიტაცებდნენ და მოგვიანებით მოკლავდნენ. დახმარების სანაცვლოდ, კურატორები ფლორესს 1-დან 3 მილიონ რუბლამდე ან მეტს სთავაზობდნენ.

ფლორესის თქმით, ამ დავალების მიღების შემდეგ დაუკავშირდა ადვოკატ დიმიტრი ზახვატოვს და მისი დახმარებით დაარწმუნა კურატორები, რომ დავალების შესრულება „გადაევადებინათ“. სწორედ ზახვატოვი დაეხმარა მას რუსეთის დატოვებაში დაახლოებით ათი დღის წინ. თუმცა, მან არ გაამხილა ის გზა, რომლითაც ქვეყნიდან გასვლა მოხერხდა.