ახალი ამბებისაზოგადოება

პარტიების ქცევის კოდექსი ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე?

4 ოქტომბერი, 2020 • 2036
პარტიების ქცევის კოდექსი ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე?

მმართველ გუნდსა და ოპიზიციას შორის წინასაარჩევნოდ “ქცევის კოდექსზე” შეთანხმებიდან 2 კვირაზე ოდნავ მეტი გავიდა, თუმცა პარტიების აქტივისტებს შორის ყველაზე მძიმე ინციდენტები სწორედ ამ პერიოდში მოხდა. სიძულვილის ენის გამოყენებიდან ფიზიკურ დაპირისპირებამდე, ეთიკის დოკუმენტი პირდაპირ თუ ირიბად უკვე არაერთგზის დაირღვა, რამაც გააჩინა ლოგიკური კითხვა: რა ძალა აქვს კოდექსს და ხომ არ რჩება ის ქაღალდზე, საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკური ცხოვრების ფონზე.

პოლიტიკური პარტიები, მმართველი გუნდისა და “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე დიალოგის მონაწილე ოპოზიციური პარტიების ჩათვლით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო ქცევის ნორმებზე სექტემბერში შეთანხმდნენ. პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფაცილიტაციით, შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით შეიქმნა.

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომელიც არეგულირებს ეთიკურ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღკვეთას. დოკუმენტით პარტიები ასევე უარს ამბობენ ძალადობაზე, მუქარაზე, ყალბი ინფორმაციისა და ე.წ. ბოტების ქსელის გამოყენებაზე. ამასთან, პირობას დებენ, რომ დაგმობენ კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებზე საკუთარი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მობილიზებას და დაპირისპირებას.

კოდექსი 14 სექტემბერს გასაჯაროვდა, რის შემდეგაც, ცალკეულმა ინციდენტებმა თუ ფიზიკურმა დაპირისპირებებმა, კლების ნაცვლად, იმატა. ხშირ შემთხვევაში, პარტიები კონფლიქტის პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ასე იყო ბოლნისში, სადაც ენმ-სა და “ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას ადამიანები დაშავდნენ. მარნეულში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერებს, რა დროსაც სცემეს “მთავარი არხისა” და “პირველი არხის” ჟურნალისტები. აქტივისტების მიმართ ძალადობის ცალკეულ ფაქტებზე საუბრობდნენ როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი.

შალვა ცხაკაია, რომელიც ამჟამად შვეიცარიის საელჩოსთან თანამშრომლობს საარჩევნო საკითხებში, უშუალოდ იყო ჩართული კოდექსის მომზადებაში. მას დადებით მოვლენად მიაჩნია ფაქტი, რომ საბოლოოდ, პარტიებმა ხელი მოაწერეს ეთიკის ერთ დოკუმენტს, რაც გასულ წლებში, აზრთა სხვადასხვაობის გამო, ვერ ხერხდებოდა. წელს ეს მოხდა, თუმცა სხვა საკითხია გაცხადებული დათქმების შესრულება. 

“წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამართლიანი კონკურენციის ნაწილი ყველაზე პრობლემურია. ის მოიცავს არაერთ მარტივ, საბაზისო მოთხოვნას, რომელიც ნებისმიერ კულტურულ საზოგადოებაში ეთიკის ნორმაა და ამას თავიდან დადგენა არ სჭირდება. 

მაგალითად: არ გამოვიყენებ და გავავრცელებ განზრახ ყალბ ინფორმაციას, არ გამოვიყენებ ბოტების ქსელს სოციალურ მედიაში ოპონენტებზე თავდასასხმელად, თავს შევიკავებ ისეთი გამოსვლებისგან, რომელიც შეიცავს ცილისწამებას…

ეს არის ის, რაც დღეს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში პრობლემაა და ეს ვალდებულებები, რომლებიც პარტიებმა აიღეს, არის უფრო დეკლარაციული ხასიათის. ამას აუცილებლად ესაჭიროება ქმედითი ნაბიჯები პარტიების მხრიდან, თუმცა ასევე სჭირდება საზოგადოებისგან დაკვეთა”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ცხაკაიას თქმით, კოდექსით გაწერილი “ნორმების დიდი უმრავლესობა ვერ სრულდება”, თუმცა ეს ნიშნავს არა იმას, რომ დოკუმენტი ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, არამედ იმას, რომ საჭიროა, ერთი მხრივ, კონტროლის მექანიზმების შექმნა პარტიების შიგნით, მეორე მხრივ კი – მხარდამჭერთა ინფორმირება კოდექსის არსზე.

შალვა ცხაკაია

“ინციდენტების შემთხვევაში,რომლებიც, სამწუხაროდ, ხდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს,პრობლემა შეიძლება იყოს ინფორმაციის არარსებობა. პარტიის მხარდამჭერები და აქტივი ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, თუ რა სახის ვალდებულებები აიღო პარტიამ. 

…მეორე არის პარტიის შიგნით პასუხისმგებელი პირის თუ უწყების განსაზღვრა, რომელიც ინციდენტებს დააკვირდება; რომელიც მოახდენს რეაგირებას და შეეცდება,რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს შემდგომ”, – აცხადებს ექსპერტი.

ზემოხსენებული და სხვა ინციდენტების შემდეგ, პოლიტიკური სუბიექტები ძალადობას გმობენ, თუმცა ეს, ძირითადად, ურთიერთბრალდებების ფონზე ხდება. ერთ-ერთი ბოლო დაპირისპირებისას კი, რომლის დროსაც ჟურნალისტები დაშავდნენ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ “ქართული ოცნებიდან” თქვა, რომ “მთავარი არხის” რეპორტიორმა თავად გაითამაშა ძალადობის სცენა და “წამოწვა, ვითომ ნაცემი იყო”.

არჩევნების წინ მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურნენ დიპლომატიური უწყებებიც, რომლებიც ქცევის კოდექსის შემუშავებაში იყვნენ ჩართულნი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, მკვეთრი გზავნილები გაუგზავნონ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა არცერთი არჩევნების დროს არის მისაღები.

“ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა. ისევე, როგორც მიუღებელია დაშინების ფაქტები. ასეთი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას ლახავს. ვინც გინდა იყოს ამ ძალადობის უკან, ყველამ, ყველა პარტიის ლიდერმა უნდა გაუგზავნოს ნათელი მესიჯი თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა მიუღებელი და შეუწყნარებელია,”- განაცხადა კელი დეგნანმა. თარგმანს “რუსთავი2” ავრცელებს.

ეთიკის პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე მიანიშნა შვეიცარიის ელჩმაც, “ნეტგაზეთისთვის” წერილობით გამოგზავნილ კომენტარში. 

“კანდიდატების ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევა ან საარჩევნო კამპანიის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა კონსტრუქციულ საარჩევნო გარემოსთან შეუთავსებელია. ჩვენ მოვუწოდებთ პარტიების მხარდამჭერებს თავი შეიკავონ ძალადობისაგან.

 ქცევის კოდექსი საქართველოს დემოკრატიას ემსახურება. ის საშუალებას აძლევს ამომრჩეველს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, ამ დოკუმენტის საფუძველზე, შეაფასონ პარტიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, მათი სანდოობა და სამართლიანობა”, – წერს პატრიკ ფრანცენი.

მისივე თქმით, დოკუმენტის ხელმომწერმა ზოგიერთმა პარტიამ კარგად გაითავისა, რომ მათ ხელშია ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარებათ პარტიის სანდო და პასუხისმგებლიან ძალად წარმოჩენაში.

დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველი თავად შეახსენებს, რომ ხმების მისაღებად, მათგან ეთიკური პრინციპების დაცვას მოელიან”, – ამბობს ელჩი.

ამ საკითხზე მმართველ გუნდში ცალსახა პოზიცია აქვთ: კოდექსი ოპოზიციის მოქმედებებიდან გამომდინარეა საჭირო, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტები ოპონენტთა “პროვოკაციებს” არ წამოეგონ.

“ქცევის კოდექსი, სამწუხაროდ, გვჭირდება იმიტომ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო და კრიმინალური ოპოზიცია გვაქვს, მართლწესრიგის დამრღვევი და პროვოკაციებზე წამსვლელი. თორემ რეალურად, ყველა რომ საღად აფასებდეს მოცემულობას და იქცეოდეს წესისამებრ, ეს კოდექსი ყველას საკუთარ ქცევაში უნდა ჰქონდეს განსაზღვრული და ბეჭდვითი სახე არ უნდა ჰქონდეს მას”, – ეუბნება “ნეტგაზეთს” დავით მათიკაშვილი, დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა იმას, რომ ქცევის წესების დაცვისკენ მოწოდება “ქართული ოცნების” აქტივისტებსაც სჭირდებათ, მათიკაშვილი პასუხობს, რომ მმართველი პარტია “ზედმიწევნით იცავს ქცევის კოდექსს” და ყველა იმ კანონს, რომელიც დემოკრატიული არჩევნებისთვის არის საჭირო.

“სამწუხაროდ, მოხდა ფაქტი მარნეულში, რომელიც საკმაოდ მძიმე ფაქტია, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ,რომ ეს არის ნაც. მოძრაობის მიერ სწორედ იმ ქცევის წესების დარღვევის შედეგი”,- ამბობს ის.

მათიკაშვილი არ მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” სიძულვილის ენის პრობლემა აქვს. მისი კოლეგის, ირაკლი კობახიძის რეპლიკის შეხსენებისას, როცა დეპუტატმა ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნება პედოფილის საბავშვო ბაღში შესვლას შეადარა, მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ეს არათუ სიძულვილის ენა, არამედ “აბსოლუტურად გასაგები შედარებაა” ენმ-ის წარსული საქმიანობიდან გამომდინარე და ამ კონტექსტში ე.წ. კასრების საქმეს ახსენებს.

საპასუხოდ, “ნაციონალური მოძრაობაში”, ერთი მხრივ, ოპოზიციის მიმართ მმართველი პარტიის რიტორიკაზე, მეორე მხრივ კი, გასულ დღეებში მომხდარ ინციდენტებზე საუბრობენ.

“გუშინ ივანიშვილის გამოსვლა იყო თავიდან ბოლომდე საშინელი დარღვევა ამ ქცევის კოდექსისა, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს მოიხსენიებდა ათასნაირი ეპითეტებით…”, – აცხადებს რომან გოცირიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გოცირიძე ამბობს, რომ პარტია ყველანაირად ცდილობს, დაიცვას კოდექსის დათქმები, თუმცა სიტყვიერ გზავნილებზე საუბარი აზრს კარგავს მაშინ, როცა, მისი თქმით, მმართველი პარტიის აქტივისტები ღიად, ფიზიკურად ძალადობენ ოპონენტებზე.

“რომელ ქცევის კოდექსზეა საუბარი, როცა ფიზიკური ძალადობა ხდება? სასაცილოდ გამოდის, რომ მოზომო სიტყვები, როცა “ქართულ ოცნებას” არ შეუძლია მუშტის მოზომვა. ასე რომ, თავი და თავი არის იმაში, როგორ მაგალითს იძლევა ხელისუფლება.

ხელისუფლება, რომელსაც აქვს ყველა ბერკეტი – ფინანსური, სატელევიზიო, ადმინისტრაციული რესურსი – როდესაც ის არ იცავს ელემენტარულ ნორმებს,დანარჩენზე საუბარი უაზრობა გამოდის”, – აცხადებს გოცირიძე და მაგალითად მარნეულის ინციდენტი მოჰყავს.

მისივე განცხადებით, პარტიების მხრიდან ქცევის კოდექსის შესრულების დონე, პირველ რიგში, საზოგადოების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა უწყებებმა უნდა გააკონტროლონ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები” მეოთხე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ფიზიკური ძალადობის შემთხვევებთან ერთად, ანგარიშში მრავლადაა ცნობები სავარაუდო ზეწოლა-მუქარისა და დაშინების შემთხვევების შესახებ, რომელთა უმეტესობის ობიექტიც, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, პარტიების მიერ მსგავსი კოდექსების ხელმოწერა ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა რეალობა დოკუმენტის დათქმებისაგან განსხვავდება. 

“რეალურად საჭირო არის, რომ ხელის მოწერის მიღმა, ასრულებდნენ ამ სტანდარტებს, იცავდნენ წესებს და კანონის ფარგლებში მიმდინარეობდეს საარჩევნო კამპანია, რაც არ ხდება. ასე რომ ჩვენი მიდგომა ყოველთვის არის ის, რომ მნიშვნელოვანია ვალდებულებების შესრულება და არა თავად ხელმოწერის აქტი”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ელენე ნიჟარაძეა

ნიჟარაძის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ძალადობის შემთხვევების ზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნულ პრაქტიკას ახალისებს სახელმწიფო და ინერტულობა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოებისა, რომელთა მიერ დაწყებული გამოძიებების ნაწილის შედეგი ამ დრომდე უცნობია. მეორე მხრივ, სახეზეა პარტიების უმოქმედობა.

“აქტივისტებისთვის, პარტიის წევრებისთვის, კამპანიაში ჩართული პირებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური რგოლიდან მომავალ მითითებებსა და განწყობებს. ამის მიხედვით მოქმედებს შემდგომ პარტიული აქტივის ქვედა დონე. შესაბამისად, როცა ასეთი ფაქტები იმატებს და აშკარაა, რომ მომატებულია, რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური პარტიები, ის ადამიანები, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ პარტიის წევრთა ქცევის, სტანდარტების დადგენის ნაწილზე, არ გასცემენ სათანადო ინსტრუქციებს, იგნორირებას უკეთებენ ამ ფაქტებს და საერთოდ არ აქვთ მიდგომა შემუშავებული, ან აქვთ და ის სწორედ ასეთ, ზეწოლასა და მუქარაზე ორიენტირებულ კამპანიას გულისხმობს”, – აცხადებს ნიჟარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი