ახალი ამბები

ადიგენში პოლიციას მოქალაქეზე ზეწოლასა და ცემაში ადანაშაულებენ

9 ივნისი, 2021 • 976
ადიგენში პოლიციას მოქალაქეზე ზეწოლასა და ცემაში ადანაშაულებენ

ადგინენში, სოფელ უდეში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის დედა ეკა აზირაშვილი პოლიციის მხრიდან მის შვილზე ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მან “სამხრეთის კარიბჭეს” უთხრა, 24 მაისს პოლიციას მისი შვილისთვის იარაღის ან/და ნარკოტიკის ჩადება სურდა.

„ჩემს შვილს იმიტომ ავიწროებენ, რომ ძალიან ჭკვიანია, ხალხს ძალიან უყვარს. ადიგენის პოლიცია ეუბნება ჩემს შვილს, რომ ხალხი შენ უფრო გიჯერებს, ვიდრე ჩვენო. მილიციის უფროსი რომ ამას იტყვის, რა უნდა ვთქვა. მე მილიციის იმედი უნდა მქონდეს თუ მეშინოდეს?! 24 მაისი იყო, ღამე მოვიდა პოლიცია ჩემს სახლთან ფარებჩამქრალი მანქანით, ელოდებოდნენ, რომ ჩემი შვილის მანქანაში წამალი ან ავტომატი ჩაედოთ, რაც ერთხეულ უკვე გააკეთეს. მივედი ადიგენის პოლიციაში, ვიკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას, მაგრამ დამემალნენ, მერე იძულებული ვიყავი თბილისში წავსულიყავი და უფლებადამცველებისათვის მიმემართა, პარლამენტშიც ვიყავი და პრემიერ–მინიტრის სახელზეც დავწერე წერილი“,- ამბობს ეკა აზირაშვილი.

გამოცემა დედაზე დაყრდნობით წერს, რომ 8 ივნისს მისი შვილი სოფლის ცენტრიდან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს და სცემეს, ხოლო პოლიციის უფროსი, თამაზ ფაილოძე ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ აზირაშვილის შვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულის ადვოკატი მუხრან ღურწკაია ითხოვს, მომხდარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიძიოს.

“დაახლოებით ერთი კვირის წინ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ადიგენის პოლიცია ითხოვდა, მას დაეტოვებინა მთლიანად სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია და სხვა ადგილას წასულიყო”,-ამბობს ადვოკატი.

ნეტგაზეთს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უთხრეს, რომ დღეს გამოკითხავენ როგორც დაკავებულს, ასევე, მის ადოკატს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაიწყებენ თუ არა გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი