პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ დროისთვის ვითარება იმაზე უკეთესია, ვიდრე ორი კვირის წინ იყო. მისი თქმით, პროცესი “ნორმალურ კალაპოტში” მოექცა.

“ის, რაც ჩვენ ყველამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვიხილეთ, არის სრულიად არანორმალური და დაუშვებელი რამ. ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ, რაც იქ მოხდა, და საუბრები ვინმეს მეტ ან ნაკლებ ბრალეულობაზე არის სრულიად მეორეხარისხოვანი. ამ წუთას ვითარება უკეთესია, ვიდრე არსებობდა ორი კვირის წინ. უკეთესია იმდენად, რამდენადაც კითხვის ნიშნები ბავშვების უსაფრთხოებასთან, მათ ნორმალურ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით ამ წუთას არ არსებობს. სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი საიმისოდ, რომ ბავშვების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

დასაფასებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, სასამართლომ, სახალხო დამცველმა, ყველამ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, რომლის შედეგადაც პროცესი მოექცა ნორმალურ კალაპოტში. მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საფუძველს, ამავე მიმართულებით ბევრი რამ იქნება ბოლომდე მისაყვანი. ეს სწორედ ის სფეროა, სადაც ყოველგვარი კომპრომისი არის ყოველმხრივ გაუმართლებელი და უზნეო, რადგან ეს ხორციელდება ბავშვებისა და ცხოვრებისა და განვითარების ნორმალური პირობების ხარჯზე”, — განაცხადა სარჯველაძემ.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონიდან, ამ ეტაპზე, 20 არასრულწლოვანია გამოყვანილი, საიდანაც 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.