ახალი ამბებირეკლამა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან

8 ივნისი, 2021 • 913
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან

რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება  – ამ და სხვა თემაზე გაიმართა დისკუსია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შორის. 

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ანიკა სოდერი და გაეროს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჯიჰან სულთანოღლუ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 53-ე რაუნდის მოსამზადებლად საქართველოს ხელისუფლების და სხვა ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდებიან, რათა მოისმინონ მოსაზრებები კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

„დისკუსია მრავალ მწვავე საკითხს შეეხო. მათ შორის იმასაც, თუ როგორ შეიძლება უფრო უკეთესად გამოყენება იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც გააჩნია საერთაშორისო თანამეგობრობას იმ კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად. პრობლემა კი მრავალია ამ მიმართულებით: ბორდერიზაციის თემა, განათლებისა და ენის ხელმისაწვდომობა და ბევრი სხვა.  მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში იყოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი – სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მეტი ჩართულობა,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 

„მნიშვნელოვანია, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ იმ მწვავე საკითხებზე, რომელიც განიხილება ჟენევის მოლაპარაკებებზე. მისასალმებელია, რომ ამ რანგის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისმენენ ჩვენი სტუდენტების აზრს. შეხვედრა მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში არ გამართულა. მათ აინტერესებდათ თუ რა შენიშვნები გვაქვს ჩვენ – ახალგაზრდობას, რომელსაც უშუალოდ აწუხებს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები,“– განაცხადა თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სტუდენტმა თათა კახეთელაძემ.   

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები განაგრძობენ შეხვედრას როგორც თბილისში, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან.თს

მასალების გადაბეჭდვის წესი