ახალი ამბები

ლევან ვასაძემ, “ალტ-ინფომ” და სხვებმა ომბუდსმენის ოფისთან აქცია გამართეს

7 ივნისი, 2021 • 1186
ლევან ვასაძემ, “ალტ-ინფომ” და სხვებმა ომბუდსმენის ოფისთან აქცია გამართეს

“ალტ-ინფომ” მთავარეპისკოპოს სპირიდონის მხარდასაჭერი აქციის ორგანიზება მოახდინა, რომელსაც მოგვიანებით შეუერთდა ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი და პარტიის “ერთობა, რაობა, იმედის (ე.რ.ი.) ლიდერი ლევან ვასაძეც. აქციის მონაწილეები თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან მივიდნენ და ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას გადადგომა მოითხოვეს.

აქციის ორგანიზატორები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის როლს აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ლომჯარია ამ საკითხში არ უნდა ჩარეულიყო.

ლომჯარიას გადადგომა მოითხოვა ლევან ვასაძემაც, რომელიც აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა მღვდელმთავარ სპირიდონს და პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენები ცილისწამებად შეაფასა.

აქციაზე გამომსვლელები ასევე შეეხნენ 5 ივლისს თბილისში დაგეგმილ “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებულ “ღირსების მარშსაც”. ზურაბ მახარაძის თქმით, 5 ივლისს ეს ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს და ამის უზრუნველსაყოფად თავად დაუპირისპირდებიან მარშის მონაწილეებს.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. ასევე ტელეკომპანია „ობიექტივი“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება

ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.

მხოლოდ შშმ ბავშვებზე მითითება – „ტექნიკური საკითხი“

მოსამართლე წერს, რომ PHR-ის შუამდგომლობა „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს“ და ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს დაევალოს, სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში „ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე“ გადაიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. შუამდგომლობა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ანა არგანიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ვინაიდან PHR არის „სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის“, შესაბამისად, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ.

ანა აბაშიძემაც განმარტა, რომ კანონმდებლობის, კერძოდ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, სარჩელის აღძვრის უფლება PHR-ს მხოლოდ შშმ ბავშვებთან დაკავშრებით ჰქონდა და ტექნიკურად ვერ იქნებოდა უფლებამოსილი მოსარჩელე სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლეს განჩინებაში არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებაში ხედავს დატოვების რისკს.

„თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი არ გააჩნია, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება“, – განაცხადა აბაშიძემ.

სად უნდა გაიყვანონ ბავშვები?

ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის განმარტებით, ბავშვები „უნდა განთავსდნენ ისეთ ფორმაში, რომელიც მათ საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“:

„ასეთი ალტერნატიული ფორმები არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და რეინტეგრაცია, ანუ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება“.

ადვოკატის თანახმად, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს, „სადაც შესაძლებელია, პირველ რიგში, განიხილოს ამ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს სხვა ფორმებში ბავშვების გადაყვანა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი