ახალი ამბები

არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ აკრძალვებს აწესებს – ჟორჟოლიანი

5 მაისი, 2020 •
არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ აკრძალვებს აწესებს – ჟორჟოლიანი

სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებით შემუშავებული აკრძალვების ფონზე არ არის დაკმაყოფილებული საზოგადოების ინტერესები, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელი სექტორის.

როგორც დეპუტატი ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან ამ ჯგუფის მიერ დასმული შეკითხვები უგულებელყოფილია და “სოციალ-დემოკრატები” დროულ რეაგირებას ელიან ეკონომიკური საქმიანობის განახლებასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟორჟოლიანმა წერილობითი განცხადება გაავრცელა.

“დღეს, შეზღუდვების ეტაპობრივად შერბილების პირობებში, კიდევ უფრო აქტუალური ხდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოქალაქეთა მიმართ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება მათ მიმართვებზე, რომლებიც სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის განახლების ნებართვას ელიან. აუცილებელია, მოქალაქეები დროულად და მკაფიოდ იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა მათგან საჭირო, რათა განაახლონ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა.

არსებულ მძიმე პირობებში, ყოველი უპასუხოდ დარჩენილი მიმართვა ადამიანთა უმრავლესობისთვის ნიშნავს არა მხოლოდ შემოსავლების შემცირებას, არამედ საარსებო წყაროს გარეშე დარჩენას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ჟორჟოლიანის თქმით, მას არაერთი მოქალაქე მიმართავს, რომელმაც სახელმწიფო უწყებებისგან პასუხი ვერ მიიღო, რაც ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოს შესაძლებლობას, შეასრულოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობები.

“სახელმწიფომ თუ არ შეასრულა ეს პასუხისმგებლობები, ის დაკარგავს ლეგიტიმაციას, დააწესოს და აღასრულოს სხვადასხვა აკრძალვები და შეზღუდვები, რომლებიც გამიზნულია ეპიდომოლოგიური მდგომარეობის სამართავად. ეს სამართლიანად გამოიწვევს მოქალაქეების უკმაყოფილების კიდევ უფრო მეტად ზრდას. ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ აკრძალვებს აწესებს. ჩვენ გვჭირდება მზრუნველი სახელმწიფო.

მე, როგორც დეპუტატმა, საგანგებო მდგომარეობისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისას ავიღე პასუხისმგელობა და მოვახდინე ჩემი უფლებამოსილებების დელეგირება მთავრობაზე, რათა მთავრობის მოქმედებები უფრო ეფექტური და სწრაფი ყოფილიყო”, – განმარტავს ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანი მოუწოდებს სახელმწიფო მოხელეებს, იმოქმედონ მაქსიმალურად ეფექტურად და პასუხისმგებლიანად, რათა დროულად დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა ინტერესები.

მასალების გადაბეჭდვის წესი