ახალი ამბები

“სოლიდარობა შუქრუთელ მოშიმშილეებს” — აქცია თბილისში

6 ივნისი, 2021 • 1330
“სოლიდარობა შუქრუთელ მოშიმშილეებს” — აქცია თბილისში

თბილისში, პუშკინის სკვერში, მოქალაქეებმა აქციით გამოუცხადეს სოლიდარობა სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლებს, რომლებიც 100 დღეზე მეტია, მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, დაინტერესდეს შუქრუთელთა პრობლემებით.

შუქრუთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. არაერთი ადგილობრივი აღნიშნავს, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” მადანს მათი სოფლის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც ზიანდება სახლები და სასოფლო სამეურნეო მიწები. პროტესტის პათოსს კომპანია არ იზიარებს და ამბობს, რომ კომპენსაციებს გასცემს.

თითქმის ერთი კვირაა, შუქრუთელები თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან იმყოფებიან, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობენ, 4 ივნისს კი, სახელმწიფოს მდუმარების ფონზე, მათმა ნაწილმა წყლის დალევაზეც უარი განაცხადა და მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

მოშიმშილე შუქრუთელების მხარდამჭერი აქცია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ადამიანებს, რომლებიც თითქმის 1 თვეა, შიმშილობენ და უფრო უკიდურესი ფორმა მიიღო [პროტესტმა] სამი დღის წინ, როცა ისინი გადავიდნენ მშრალ შიმშილობაზე.

სახელმწიფოსგან ვერცერთ კითხვაზე იღებენ პასუხს ეს ადამიანები. ყველა აქ მდგომი ადამიანის მოწოდება არის სახელმწიფოს მიმართ ის, რომ მოახდინონ სასწრაფოდ რეაგირება, შეხვდნენ ამ ადამიანებს, გასცენ კითხვებზე პასუხი და სასწრაფოდ გაუწოდონ მათ დახმარების ხელი”, — უთხრა “ნეტგაზეთს” აქტივისტმა შუშანა მაცაბერიძემ, რომელიც 6 ივნისის აქციას შეუერთდა.

სოლიდარობის აქციის არაერთი მონაწილე ადგილზე სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით იყო მისული, მათ შორის, “ნუ მოკლავ ჭიათურას”, “სოლიდარობა შუქრუთელ მოშიმშილეებს”, “ყველას გვაქვს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება”.

აქციის მონაწილეები უყურებენ ფილმს შუქრუთელთა პროტესტის შესახებ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ორგანიზატორებმა სკვერში გამოფინეს ფოტოებიც, რომლებზეც ჭიათურის სოფლების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩანს და აჩვენეს ფილმი, რომელიც შუქრუთელთა პროტესტის ქრონოლოგიას ასახავს, 2019 წლიდან დღემდე.

შუქრუთელთა მოთხოვნებს შორისაა ამჟამინდელი ზიანის ადეკვატური კომპენსაციები და სახელმწიფოს ჩართვა პროცესში. კომპანია ამბობს, რომ კომპენსაციას იხდის, თუმცა უთანხმოების საგანს მისი ოდენობა და დათვლის მოდელი წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლება საკითხის გადაწყვეტაში, ფაქტობრივად, არ ერევა.

ვრცლად:

ამოკერილი პირებით აშშ-ის საელჩოსთან — რამ აიძულა შუქრუთელებს მსგავსი პროტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი