პარლამენტის შენობის წინ შუქრუთელების შიმშილობა შეწყდა.
დღეს, 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ჯორჯიან მანგანეზსა და პროტესტის მონაწილეებს შორის მომდევნო კვირიდან (სამშაბათი) მოლაპარაკებები დაიწყება, შუამავალი კი მმართველი პარტიის დეპუტატი რატი იონათამიშვილი იქნება.
მოშიმშილეები კლინიკაში გადადიან.
შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად შუქრუთელები აქციას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საბოლოო შეთანხმებამდე.
შიმშილობა 43 დღე გრძელდებოდა.
შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.
11 სექტემბრიდან ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი დედაქალაქში ჩამოვიდა. პროტესტის თბილისში გადმოტანას წინ უძღოდა 6-თვიანი უწყვეტი პროტესტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
1 სექტემბერს ოთხმა შუქრუთელმა პირი ამოიკერა, მათთან ერთად კიდევ ხუთმა ადგილობრივი შიმშილობა დაიწყო. მათი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი პროცესში ჩართვაა. პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, ხელისუფლება მათ ამ დრომდე არ ელაპარაკებოდა.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. ადგილობრივების თქმით კი, კომპენსაცია მოსახლეობის მაქსიმუმ 5%-ს აქვს მიღებული.
წაიკითხეთ ამ თემაზე: