ახალი ამბები

62 ლიტრი ბენზინი 35-ლიტრიან ავზში და გახარჯული ₾100 000 – აუდიტი მერიის მანქანებზე

5 ივნისი, 2021 • 1484
62 ლიტრი ბენზინი 35-ლიტრიან ავზში და გახარჯული ₾100 000 – აუდიტი მერიის მანქანებზე

აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიშის თანახმად, 2017-18 წლებში თბილისის მერიაში 100 000 ლარის ღირებულების საწვავი, შესაძლოა, არასამსახურებრივი დანიშნულებით გაიხარჯა.

თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების აუდიტი 4 ივნისს გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, „თბილისის მერიასა და გამგეობებში დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობა და გადაადგილება შესაძლოა არ უკავშირდებოდეს სამსახურებრივ საჭიროებებს და, მინიმუმ, 100.7 ათასი ლარის ღირებულების, 51.6 ათასი ლიტრი საწვავი გახარჯული იყოს არასამსახურებრივი დანიშნულებით“.

აუდიტის ანგარიშის თანახმადვე, 2017-2018 წლებში თბილისის აღმასრულებელი ორგანოების მიერ შესყიდულია 3,111.1 ათასი ლარის ღირებულების 1,557.7 ათასი ლიტრი საწვავი. ამასთან, „აღმასრულებელი ორგანოების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის საწვავის შეძენა ხორციელდება ცენტრალიზებულად, კონსოლიდირებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით და ავტომობილებზე საწვავის ლიმიტები განისაზღვრება თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის შესაბამისი განკარგულებით“.

დოკუმენტის თანახმად, აუდიტის სამსახურმა მერიიდან გამოითხოვა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, რისი ანალიზის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი.

ამ სიაში ჩანს 2017- 2018 წლებში მერიის კუთვნილ ავტომობილებში ავზის მოცულობაზე ერთჯერადად გადაჭარბებული საწვავის ჩასხმის მაგალითები, — მაგალითად, დოკუმენტში ჩანს, რომ 2018 წლის 7 თებერვალს ავტომობილ KIA Picanto-ში ჩაასხეს 62 ლიტრი ბენზინი, არადა ამ ავტომობილის ავზის მოცულება 35 ლიტრია.

დანართი

როგორც აუდიტის სამსახური წერს, 2017-2018 წლებში გამოვლინდა 632 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29.0 ათასი ლიტრი საწვავი.

„ასევე შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა თბილისის მერიისა და გამგეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები. ავტომობილებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმის ცალკეული მაგალითი“.

დანართი 3

აუდიტის სამსახური ასევე წერს, რომ შედეგად გამოვლინდა ავტომობილების თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 678 დაუსაბუთებელი ფაქტი, რა დროსაც გახარჯულია 43.0 ათასი ლარის ღირებულების 22.6 ათასი ლიტრი საწვავი და შესაბამის დროის მონაკვეთში ავტომობილებში საწვავის ჩასხმის დრო არ ემთხვევა დასაქმებულთა სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის პერიოდს.

2017- 2018 წლებში მერიის კუთვნილი ავტომობილების ქალაქგარეთ საწვავით გამართვის მაგალითები შემდეგია:

დანართი 4

მასალების გადაბეჭდვის წესი