ახალი ამბები

ტექნიკური ფრაქციის გამო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მძიმე მოსასმენია – სამნიძე კორძაიაზე

4 ივნისი, 2021 • 1311
ტექნიკური ფრაქციის გამო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მძიმე მოსასმენია – სამნიძე კორძაიაზე

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ეხმაურება პარტიიდან თამარ კორძაიას წასვლას. მისი თქმით, “ძალიან მძიმე მოსასმენია ტექნიკური ფრაქციის გამო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება”.

“თამუნას პოზიციების დაშორება პარტიისგან მაშინ გამოჩნდა, როცა მოლაპარაკებების პროცესში და თანხმობის დოკუმენტზე პარტიის ხელმოწერას არ დაეთანხმა. მას შემდეგ ძალიან ვცდილობდით ორივე პოზიციების დაახლოებას. იდეოლოგიური უთანხმოება რომ არ გვქონია, გასაგებია. ძალიან მძიმე მოსასმენია ტექნიკური ფრაქციის გამო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება. ჩემთვის ურთულესი იყო პარლამენტში თამუნას გარეშე შესვლა. თამუნასთვის – შეუძლებელი ბლოკის პარტიის გარეშე, რომელიც ხელს მიშელის შეთანხმებას ახლაც არ აწერს. მაინც ვახერხებდით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას. ტექნიკური ფრაქცია რესპუბლიკური თემების საპარლამენტო ტრიბუნიდან წამოწევას და გაძლიერებას ხელს ნამდვილად არ უშლის, ამაზე წინასწარ შეთანხმების გარეშე არავინ არ მოაწერდა ხელს ფრაქციას, პარტიულიც მაგიტომ არაა ეს ფრაქცია. ძალიან აქტიურად ვაპირებ ყველა ამ თემაზე მუშაობას. ძალიან რომ განვიცდით, კი გასაგებია ყველასთვის, ვინც გვიცნობს. არჩევანია. არჩევანს პატივს ვცემ”, – აცხადებს სამნიძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „რესპუბლიკური პარტიის“ ორი წევრი — ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია — პარლამენტში ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ.

2021 წლის 3 ივნისს ხათუნა სამნიძე „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ახალ ფრაქციაში, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ გაერთიანდა.

მეორე დღეს, 4 ივნისს, „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ განაცხადა პარლამენტარმა თამარ კორძაიამ და მიზეზად დაასახელა, რომ მისი აზრით, ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა „რესპუბლიკური პარტიის“ ორ წევრს უფრაქციოდ, დამოუკიდებლად საქმიანობით უნდა გაეგრძელებინა.

პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა, — დავით ბერძენიშვილის ძმამ, — 4 ივნისსვე განაცხადა, რომ ტოვებს პარტიას. „ნეტგაზეთს“ მან განუცხადა, რომ არ ეთანხმება პარტიის კურსს, კერძოდ, საპარლამენტო ფრაქციის შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი