რესპუბლიკური პარტია

საპატრიარქოს განცხადება არის პირდაპირი დადასტურება ძალადობისა – რესპუბლიკელები პრაიდზე

რესპუბლიკური პარტია საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება, სადაც სახელმწიფოს მოუწოდებს, პრაიდის კვირეული არ დაუშვას. რესპუბლიკელები წერენ, რომ საპატრიარქოს ეს განხადება ძალადობის, ჩაგვრისა და ადამიანის დევნის პირდაპირი დადასტურებაა.

“საპატრიარქოს განცხადება არის პირდაპირი დადასტურება ძალადობის, ჩაგვრისა და ადამიანის დევნის. ამასთანავე, საპატრიარქო ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას, რომელიც არის (უნდა იყოს) კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი.

განცხადების უკან მდგომი ცალკეული “ტაბურეტკიანი” სასულიერო პირები სეკულარული სახელმწიფოსთვის სრულიად დაუშვებელი ფორმებით ცდილობენ მიითვისონ ის ფუნქციები, რაც სასულიერო ხელისუფლებას არ ეკუთვნის, არ ეკუთვნოდა და არც მიეკუთვნება არასოდეს“,- წერია რესპუბლიკელების განცხადბაში. 

მათივე თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლებას, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, აკისრია პასუხისმგებლობა, იმოქმედოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით, უზრუნველეყოს ლგბტქ ადამიანების მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება,

“….რადგან სახელმწიფოს, რომელიც ვერ იცავს მოქალაქეთა ერთ ჯგუფს, ვერასოდეს ექნება პრეტენზია იმაზე, რომ მას საერთოდ შესწევს უნარი დაიცვას ადამიანის უფლებები, ჰქონდეს პრეტენზია იყოს ცივილიზებული ევროპული ოჯახის წევრი, იყოს ღირსეული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის მოკავშირე სახელმწიფოების“.

რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, “მკაცრი პასუხი გასცენ საპატრიარქოს, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს მათი მხრიდან თითოეული ადამიანის უფლების დაცვის მზაობას.

“ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო ამ საკითხშიც გახდება აშშ-ის პარტნიორი და შეურთდება დონალდ ტრამპის კამპანიას, რომლის მიზანია მთელ მსოფლიოში ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა. ამავდროულად, მოვითხოვთ, გატარდეს ყველა ღონისძიება 18-23 ივნისს თბილისი პრაიდის უსაფრთხოდ და მშვიდობიანად ჩასატარებლად“,- წერია განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან