ახალი ამბები

ხალხმა თქვა, 7 ნოემბერს ვპატიობ, რადგან არ მინდა იგივე განმეორდეს – ბერძენიშვილი

7 ნოემბერი, 2018 • 2755
ხალხმა თქვა, 7 ნოემბერს ვპატიობ, რადგან არ მინდა იგივე განმეორდეს – ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები შედეგები მოწმობს, რომ ხალხმა წინა ხელისუფლებას 7 ნოემბერი აპატია, რადგან არ სურს იგივე განმეორდეს დღესაც. ამის თაობაზე ბერძენიშვილმა რ2-ის ეთერში ისაუბრა.

“მე ჩემი გამოსვლა, რომ არ აპატიებს ქართველი ხალხი [სააკაშვილს] არ დამავიწყდა, მაგრამ მივხვდი, რომ არჩევნების შედეგებით… ვიღაც იტყვის, არა არ გვიპატიებიაო, არ გიპატიებიათ, კი, მაგრამ არჩევნების შედეგებით, 600 000 ხმით ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ თქვა, რომ ვაპატიე იმ მოტივით, რომ არ მინდა განმეორდეს, რადგან დღეს თუ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა და ყველაფერი, ახალი 7 ნოემბერი იქნება, შეიძლება უფრო სასტიკიც”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც რესპუბლიკელებთან ერთად თვითონაც იყო 2007 წლის 7 ნოემბრის დარბეული აქციის მონაწილე.

“მე ვთქვი ასეთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხი 7 ნოემბერს არ აპატიებს, მაგრამ შევცდი. იმიტომ, რომ ყოველთვის, როდესაც ხალხის სახელით ლაპარაკობ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო. ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცის, რა მოხდა 7 ნოემბერს და ვერავინ იმას ვერ ამართლებს, ვერც სააკაშვილი, საპრეზიდენტო კანდიდატის [გრიგოლ ვაშაძე] განცხადებაც ნანახი გაქვთ, გასაგებია, რომ ამის გამართლება შეუძლებელია, მაგრამ აპატიებს თუ არა, ეს კიდევ სხვა საკითხია. როცა ადამიანი აღიარებს, რომ შეცდა, როდესაც სხვა ხელისუფლება მოვიდა, რომელიც 6 წელია ხელისუფლებაშია და ვერაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ ლაპარაკობს იმ 9 წელზე. ხალხი ეუბნება- მშია, ის ეუბნება- 9 წელი, ხალხი ეუბნება= უფლებებს მირღვევ, ის ეუბნება- 9 წელი, კაცი ეუბნება- შვილი მომიკლეს, მკვლელი მიპოვეთ, ის ეუბნება- ეს არ შეადარო გირგვლიანის საქმეს. რატომ არ უნდა შეადარო? იქაც და აქაც ხელისუფება იყო ჩარეული. მაშინ მაღალი დონის ხელისუფლება იყო ჩარეული და იმას ვერ მოვერიეთ და ახლა სუბელიანის დონის ხელისუფლებაა ჩარეული და იმას ვერ ვერევით”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც ცნობილია, რესპუბლიკური პარტია არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.


სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. აქციის დასაშლელად პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული. სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშისმიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს მოხდა ტელეკომპანიაში „იმედი“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი