ახალი ამბები

იმედია, დაუყოვნებლივ ჩატარდება გამოძიება – ევროპარლამენტარი ნინოწმინდის პანსიონზე

4 ივნისი, 2021 • 1334
იმედია, დაუყოვნებლივ ჩატარდება გამოძიება – ევროპარლამენტარი ნინოწმინდის პანსიონზე

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ნინოწმინდის ბავშთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდება.

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და ამის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი წყაროდან მესმის. იმედი მაქვს, განმარტავენ, თუ რატომ არ უშვებენ სახალხო დამცველს პანსიონში და დაუყოვნებლივ ჩატარდება გამოძიება. ეს ეხება ბავშვებს და არა პოლიტიკას”, — წერს ევროპარლამენტარი.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

ოფიციალური ინფორმაციით, 5 ივნისის მდგომარეობით პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება, თუმცა, მანამდე, ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბავშვების ოდენობა 150-ს აღწევს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [5 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი