ახალი ამბები

გაფიცვა ოზურგეთში — პროფკავშირი ქარხნის ექსპროპრიაციას ითხოვს

4 ივნისი, 2021 • 1229
გაფიცვა ოზურგეთში — პროფკავშირი ქარხნის ექსპროპრიაციას ითხოვს

ოზურგეთის ფქვილის ქარხანა “გურია ექსპრესის” მუშების გაფიცვა 32-ე დღეა, გრძელდება.

გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებისა და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით ხვალ, 5 ივნისს, საპროტესტო აქციას გამართავენ, რომელსაც შეუერთდებიან ოზურგეთში სხვა ქალაქებიდან ჩასული ადამიანებიც.

როგორც ნეტგაზეთს ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა განუცხადა, იმის გამო, რომ კომპანიის მფლობელი არ აპირებს მშრომელთა მოთხოვნების გათვალისწინებას, მას ქარხნის ამუშავების საშუალებას არ მისცემენ და ხვალ შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომს დაადებენ.

“ხვალ ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოდიან სხვადასხვა სფეროს მშრომელები ჭიათურიდან, ზესტაფონიდან, ბათუმიდან, თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან. გავმართავთ დიდ მსვლელობა-აქციას, რომელიც დაიწყება ქარხნის ტერიტორიიდან და დასრულდება გურიის გუბერნატორის ოფისთან”, — განუცხადა ნეტგაზეთს ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ.

აქციას სოლიდარობას უცხადებს და უერთდება აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირიც.

პროფკავშირის დირექტორის, გიორგი დიასამიძის განცხადებით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ითხოვენ ქარხნის ექსპროპრიაციას [კანონიერი გზით ქონების ჩამორთმევა და გასხვისება კომპენსაციის სანაცვლოდ], მოგვიანებით კი ისეთი ინვესტორისადმი გადაცემას, რომელსაც შეეძლება დააკმაყოფილოს მშრომელთა მოთხოვნები.

“გურია ექსპრესის” ადვოკატის, აკაკი თოიძის განცხადებით, მხარეებს შორის “დაძაბული კომუნიკაციის” გამო შეთანმხება ვერ შედგა. ქარხნის მესაკუთრის განცხადებით, საქმე უკვე სასამართლოშია და იქ გადაწყდება, თუ როგორ გააგრძელებს საწარმო სამომავლო მუშაობას.

ქარხნის მუშების გაფიცვა ხელფასების 150 ლარით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თავდაპირველად ქარხნის ადმინისტრაცია მზად იყო გაეუმჯობესებინა შრომითი პირობები, თუმცა შეთანხმება ხელფასების მატებაზე ვერ შედგა. მოთხოვნებს ბოლო პერიოდში დაემატა კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი