ახალი ამბები

შუქრუთში ზიანის შესაფასებლად სამხარაულს მივმართეთ — GM

3 ივნისი, 2021 • 1152
შუქრუთში ზიანის შესაფასებლად სამხარაულს მივმართეთ — GM

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში მიყენებული შესაძლო ზარალის შეფასების საკითხზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიამ გაავრცელა, თუმცა მიმართვა შუქრუთის პროტესტის მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე მოხდა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კომპანიამ ეს მხოლოდ საზოგადოების თვალის ასახვევად გააკეთა.

“ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია სამხარულს სამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს:

  • შეაფასოს მიყენებული ზარალი;
  • შეაფასოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორე;
  • შეაფასოს ქონების საბაზრო ღირებულება.

ამასთან, კომპანია სამხარულს განცხადებით მიმართავს, რომ ექსპერტიზის ბიურომ აღრიცხოს ის დაზიანებები, რომლებიც “ჯორჯიან მანგანეზმა” წლების განმავლობაში მიაყენა სოფელში უძრავი ქონების მესაკუთრეებს:

“თუ დავუშვებთ, რომ უძრავი ქონება დღეს არსებული მდგომარეობით სრულად არის დაზიანებული შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ წლების განმავლობაში ნაწარმოები სამთო მოპოვებითი სამუშაოებით, გთხოვთ, აღირცხოთ აღნიშნული დაზიანებები და მოახდინოთ ამ დაზიანებების აღმოფხვრისთვის საჭირო სამუშაოების შესასრულებლად გასაწევი დანახარჯის გამოანგარიშება”, – წერია განცხადებაში.

კომპანიის მიერ ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ GM-მა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შუქრუთელებსა და კომპანიას შორის შეთანხმების დროულად მიღწევის მიზნით მიმართა.

შუქრუთის მცხოვრები და აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ჯანო ლაბაძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართვით კომპანია რეალურად არ იზიარებს იმ მოთხოვნებს, რომელი მოთხოვნებითაც პროტესტის მონაწილეებს სურდათ სამხარაულისთვის მიმართვა. მისი თქმით, კომპანიის ეს ნაბიჯი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

კერძოდ, ლაბაძე განმარტავს, რომ განცხადებაში აღნიშნული საბაზრო ღირებულების დათვლას აქციის მონაწილეები არ ითხოვდნენ. მათ სურდათ, რომ უძრავი ქონება ჩანაცვლების პრინციპით დათვლილიყო, რაც საბაზრო ღირებულების მეთოდით დათვლისგან მკვეთრად განსხვავდება.

კერძოდ, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით დათვლა ნიშნავს, რომ შემფასებელი დაითვლის ქონების ამჟამინდელ ფასს, ჩანაცვლების მეთოდით დათვლისას კი საბოლოო ანაზღაურების გაანგარიშება იმაზე დაყრდნობით ხდება, თუ რა დაუჯდებოდა კონკრეტულ მოსახლეს ზუსტად ისეთივე სარგებლობის სახლისა და ეზოს გაშენება სხვა ადგილას.

“ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდა, რომ შუქრუთის მცხოვრებლების ქონება სწორედ ჩანაცვლების პრინციპით ფასდებოდა. იგივე არის ნათქვამი ასევე კომპანიის მიერ ნეტგაზეთისთვის გუშინ მიწოდებულ ინფორმაციაში.

როგორც შუქრუთელები ამბობენ, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც ადგილობრივების სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა. პროტესტის მონაწილეები ამის სანაცვლოდ ისეთ ფულად კომპენსაციებს ითხოვენ, რომ სხვა ადგილზე შეძლონ შესაბამისი საცხოვრებელი გარემოს მოწყობა.

თავად კომპანია კი აცხადებს, რომ მოსახლეობის მიერ “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს” კომპანია სოფელ შუქრუთის მოსახლეობას აზიანებს და არ უნაზღაურებს შესაბამის ზარალს, “ყალბია და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”.

ამასთან, კომპანიის თქმით, ადგილობრივებისთვის ზარალის ანაზღაურებაზე უარს არ ამბობს, თუმცა ადგილობრივები და “ჯორჯიან მანგანეზი” განსხვავებულად მოიაზრებენ მეთოდს, რომლის მიხედვითაც მცხოვრებლების ქონება უნდა შეფასდეს.

ნახეთ ვრცლად:

ამოკერილი პირებით აშშ-ის საელჩოსთან — რამ აიძულა შუქრუთელებს მსგავსი პროტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი