ახალი ამბები

დეკანოიძის თქმით, ნინოწმინდის პანსიონზე სახელმწიფოს გულგრილობა ძალადობას ახალისებს

3 ივნისი, 2021 • 860
დეკანოიძის თქმით, ნინოწმინდის პანსიონზე სახელმწიფოს გულგრილობა ძალადობას ახალისებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ამბობს, რომ სახელმწიფოს გულგრილობა ბავშვებზე ძალადობას დამატებით ბიძგს აძლევს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია. ოფიციალური ინფორმაციით, აქ 56 ბავშვი ირიცხება, თუმცა ეპისკოპოსი სპირიდონი აცხადებს, რომ ეს რაოდენობა 150-ს აღწევს.

„გუშინდელ განცხადებაში, რომელიც გაავრცელა სახალხო დამცველმა. კერძოდ, საქმე ეხება იმას, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საქართველოში გენპროკურატურას საქმე აქვს აღძრული უმძიმესი მუხლებით — ბავშვებზე ძალადობისა და გაუპატიურების.

ეს არის უმძიმესი მოცემულობა, როდესაც სახელმწიფოს გულგრილობა პირდაპირი დანაშაულია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერც გენერალურმა პროკურატურამ, ვერც შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაადგინეს გამოძიების ობიექტურობით ის, თუ რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში“, — აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მისივე თქმით, პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა ბავშვების უსაფრთხოებაზე ეკისრება სახელმწიფოს:

„იქ არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ეხება ბავშვებს, უნდა ყოფილიყო სასწრაფო განგაშის საფუძველი, განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრა სახელმწიფოს.

სახელმწიფოს დანაშაულებრივი გულგრილობა პირდაპირ ახალისებს კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ“, – ამბობს დეკანოიძე და ამატებს, რომ ენმ-ის პარლამენტში შესვლის შემდეგ ამ საკითხზე სახალხო დამცველთან აქტიურ მუშაობასა და თანამშრომლობას აპირებს.

ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, შევიკრიბოთ 6-ზე პროკურატურასთან”


რა ხდება ნინოწმინდაში

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი