ახალი ამბები

უკრაინა გაეროში საქართველოს რეზოლუციას თანაავტორის სახით შეუერთდება – დენის შმიგალი

3 ივნისი, 2021 • 1040
უკრაინა გაეროში საქართველოს რეზოლუციას თანაავტორის სახით შეუერთდება – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვდრის შემდეგ მასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრემიერმა თქვა, რომ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობები პირველ რიგში სწორედ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით მათი მთავრობების ერთობლივ მიზნებს ემყარება.

“მე მინდა აღვნიშნო ჩვენი პოზიციები, ქმედებები და ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შექმნეს ასოცირებული ტრიო, რომელიც ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებსა და მათ ამბიციებს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები, მეორე მხრივ კი, იძლევა საშუალებას, რომ უფრო ეფექტურად მოვემზადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტისთვის, კერძოდ, ეს არის რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები, რაზეც უფრო დიდი ყურადღების გამახვილებაა საჭირო”, – განაცხადა დენის შმიგალმა.

უკრაინის პრემიერის თქმით, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები აიძულებენ უკრაინას და საქართველოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით.

“იმედი გვაქვს, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციაზე. ჩემი მხრივ, მინდა დავადასტურო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- აღნიშნა დენის შმიგალმა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილთან მოლაპარაკების დროს დაადასტურა, რომ უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასევე, საქართველოს ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსს.

უკრაინის პრემიერის თქმით, დარწმუნებულია, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებები იქნება იმპულსი ორმხრივი სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის, ერთობლივი საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ-ლოგისტიკური პროექტების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს კოორდინაციის გაძლიერებას ტურიზმისა და კორონავირუსთან ბრძოლის სფეროში.

“ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეთანხმება იმის შესახებ, რომ აღიარებულ იქნას დოკუმენტები ვაქცინაციის შესახებ, ორმხრივი აღიარება მაქსიმალურად გაამარტივებს საზღვრის კვეთას ჩვენი მოქალაქეების მიერ, რომლებიც დიდი სიამოვნებით მოინახულებენ ჩვენს ქვეყნებს”, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

მისივე თქმით, შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლოს ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-უკრაინული მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის მე-10 სხდომას ჩაატარებენ. ასევე, უახლოეს მომავალში გაიმართება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფის სხდომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი