ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონში 6 თვე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც ვერ შედიოდა

3 ივნისი, 2021 • 2079
ნინოწმინდის პანსიონში 6 თვე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც ვერ შედიოდა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ამ დროისთვის არა 150-მდე, არამედ 53 ბავშვი ირიცხება, რომელთაგან 6-მა ზრუნვის ფორმის შეცვლის, ანუ დაწესებულების გამოცვლის სურვილი ძირითადად “ქალაქთან ახლოს გადმოყვანის” საფუძვლით გამოთქვა.

ამის შესახებ მაღლაფერიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

კითხვაზე, მისთვის ცნობილი იყო თუ არა ფაქტი, რომ 2020 წლის სექტემბრიდან 8 თვის განმავლობაში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ლიცენზია არ ჰქონდა, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ლიცენზიაზე პასუხისმგებელი ორგანო ჯანდაცვის სამინისტროს სხვა ორგანო — რეგულირების სააგენტოა. მაღლაფერიძემ თქვა, რომ ამ დროისთვის პანსიონს ლიცენზია აქვს, თუმცა ვერ უპასუხა კითხვას, ფუნქციონირებდა თუ არა პანსიონი ლიცენზიის გარეშე 8 თვის განმავლობაში.

“ჩვენს თანამშრომლებს დაახლოებით 6 თვის მანძილზე არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შესულიყვნენ პანსიონის ტერიტორიაზე, დაახლოებით გასული წლის 20 ივნისიდან. ეს გარემოება პანსიონის მხრიდან ახსნილი იყო კოვიდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩვენ მართლაც ვცდილობდით, რომ ბევრი ვიზიტები სხვა სერვისებშიც არ განგვეხორციელებინა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დაწესებულებებში არ შევდიოდით. შევდიოდით, თუმცა მინიმუმამდე გვქონდა დაყვანილი”, — განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მან დადასტურა, რომ 6 თვის განმავლობაში სააგენტოს წარმომადგენლები პანსიონში ვერ შედიოდნენ, თუმცა თქვა, რომ კომუნიკაცია შენარჩუნებული იყო, მათ შორის, კოვიდთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაგზავნის გზით და სატელეფონო ზარებით. მაღლაფერიძის თქმით, 2021 წლის აპრილიდან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის დაწესებულება სრულიად ღიაა.

“მას შემდეგ, რაც ხელახლა გაიხსნა დაწესებულების კარი ჩვენთვის, გაიწერა ძალიან კონკრეტული გეგმა ამ დაწესებულებებში ვიზიტების, ხდება ბავშვების ხელახალი შეფასება”, — თქვა მან.

მაღლაფერიძე ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

“ამ ოთხი შემთხვევიდან 2-ში ჩვენი მხრიდან არის გაკეთებული შეტყობინება სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. ბავშვების მიმართ რამე სახის ძალადობის ეჭვის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პროტოკოლი, რომ უნდა შევატყობინოთ შესაბამის ორგანოებს, ამ შემთხვევაში შს სამინისტროს”, — განაცხადა მაღლაფერიძემ.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცნობით, ზემოაღნიშნული ორი შეტყობინება შსს-ს 2019 წელს გაუგზავნა.

“როდესაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ძალადობას, ეს შეიძლება გახდეს გამოძიების დაწყების საგანი და შემდეგ უნდა იქნას ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებული. ეს შეიძლება დადგეს რომელიმე კონკრეტული ადამიანის მიმართ და არა მთლიანად დაწესებულების. თუმცა იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ, დანაშაულს ჰქონდა თუ არა ადგილი და ეს დავაკავშიროთ ლიცენზირებასთან, ამისთვის აუცილებელია გამოვკვეთოთ, ეს იყო დაწესებულება თუ ადამიანი. როდესაც ვსაუბრობ სავარაუდო დანაშაულის შეტყობინებაზე, ვიდრე არ დამტკიცდება, სავარაუდოა, შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს დანაშაული, რომელიც შეიძლება კონკრეტული ადამიანის მიმართ”, — განაცხადა მაღლაფერიძემ.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [2 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების მუხლითაც მიდის გამოძიება – ლომჯარია

მასალების გადაბეჭდვის წესი