ნეტგაზეთი | უფლება არ მქონდა, არ დამეფასებინა თანამშრომელების თავდადება – გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრემიებზე უფლება არ მქონდა, არ დამეფასებინა თანამშრომელების თავდადება – გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრემიებზე – Netgazeti
RU | GE  

უფლება არ მქონდა, არ დამეფასებინა თანამშრომელების თავდადება – გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრემიებზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე განმარტავს, რატომ მიიღეს მისმა თანამშორმლებმა კრიზისულ პერიოდში პრემიები. მისი თქმით, ბოლო წლებში ეროვნული ბანკის ფუნქციები გაიზარდა და ამასთან, პანდემიის პერიოდში თანამშრომლები “დაუღალავად” შრომობოდნენ.

ასე უპასუხა გვენეტაძემ “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძეს, რომლებმაც ეროვნული ბანკი გასულ წელს გაცემული პრემიების გამო გააკრიტიკეს. ამის შესახებ დისკუსია პარლამეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიშს უსმენენ.

“იმ სიტუციაში, როდესაც კოვიდი დაიწყო, ეროვნულ ბანკს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, სხვა ყველასგან განსხვავებული. ალბათ, ჯანდაცვას ჰქონდა ასეთი მიმართულება და მეორე ჩვენ. ერთი, რომ არ უნდა გაჩერებულიყო ქვეყანაში ნაღდი ფულის მიწოდება 24 საათის განმავლობაში და ეს არ არის მარტივი საქმე, როდესაც პანდემიის გამო “ლოქდაუნი” ცხადდება ქვეყანაში. მეორე – სისტემას უნდა ემუშავა გამართულად. ანუ ყოველი გადახდის უკან, რომელსაც ვაკეთებთ, ზუსტად ეროვნული ბანკი და ის სისტემა დგას, რომელსაც ეროვნული ბანკი უვლის. ამავე დროს, ფინანსურ სისტემა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები,  კომერციულ ბანკები, მათ უნდა ემუშავათ. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში უნდა გვემუშავა, რასაც ვაკეთებდით კიდეც. მაშინ, როცა “ლოქდაუნი” იყო და ბევრი სამსახური დაკეტილი იყო, ეროვნული ბანკი მუშაობდა.

[…] ეს ანაზღაურება მათ[ეროვნული ბანკის თანამშრომლებს] ურთულესი წლის განმავლობაში დაუღალავი და ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად მიიღეს. მე, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელს, უფლება არ მქონდა, რომ არ დამეფასებინა მათი ასეთი თავდადება”, – განაცხადა გვენეტაძემ.

გარდა პრემიებისა, საპარლემენტო ოპოზიციის წევრების კრიტიკა თავად გვენეტაძის მიმართაც იყო. მამუკა ხაზარაძემ კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

ხაზარაძის თქმით, გვენეტაძეს, მისი ამჟამინდელი ანაზღაურებით, არცერთი ბიზნესი არ დაიქირავებდა, რადგან მისი საქმიანობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უშედეგოა.

გვენეტაძის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ ბანკების სიაში იყო დასახელებული.

“ამიტომ მე არ გაგცემთ ამაზე პასუხს. წაიკითხეთ იმ ორგანიზაციების შეფასება ეროვნული ბანკის მუშაობის, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არიან და ნახავთ, როგორი ორგანიზაცია არის ეროვნული ბანკი და აქედან გამოიტანეთ დასკვნა, როგორი პრეზიდენტი ვარ მე”, – განაცხადა გვენეტაძემ.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ინფორმაციით, გასულ წელს ყველზე მეტი, 5.5 მლნ ლარი, პრემია ეროვნული ბანკის თანამშრომლებზე გაიცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი