ახალი ამბები

„ნაბეღლავის“ მძღოლებმა ხელფასის მატების დაპირების შემდეგ გაფიცვა შეწყვიტეს

2 ივნისი, 2021 • 1663
„ნაბეღლავის“ მძღოლებმა ხელფასის მატების დაპირების შემდეგ გაფიცვა შეწყვიტეს

„ნაბეღლავის“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ მძღოლების გაფიცვა კომპანიის ადმინისტრაციასთან მორიგებით დასრულდა. მათ ხელფასების მომატებისა და საბონუსე სისტემის ლიმიტების გაზრდის ოფიციალური პირობა მიიღეს.

„ნაბეღლავის“ საწყობის მძღოლები თბილისსა და ქუთაისში 20 და 21 მაისიდან იყვნენ გაფიცული. ისინი ხელფასების ზრდასა და პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

როგორც „ენგადის“ დასაქმებულმა ერთ-ერთმა მძღოლმა, დავით კუციამ „ნეტგაზეთს“ უთხრა 2 ივნისს, შეთანხმება ჯერ ქუთაისში მომუშავეებთან შედგა, შემდეგ კი, თბილისში დასაქმებულებთანაც.

მშრომელების ინტერესებს „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“ (GTUC) იცავდა და კოლექტიურ შრომით დავას აწარმოებდა დამსაქმებელთან, შრომის სამინისტროს მონაწილეობით. შრომის სამინისტრომ 27 მაისს გამოყო ამ საკითხზე მედიატორი.

როგორც პროფკავშირი აცხადებს, „ენგადში“ კოლექტიური შრომითი დავის ფარგლებში დასაქმებულებს ქუთაისსა და თბილისში ხელფასი 650 ლარიდან 900 ლარამდე გაეზარდათ, ამას გარდა კი, 200-ლარიანის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობის საბონუსე სისტემა დაინერგა.

ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ერთ-ერთმა გაფიცულმა, დავით კუციამ დაუდასტურა. მისი თქმით, დასაქმებულები ამ ეტაპზე კმაყოფილი არიან მიღწეული შედეგით და იმედოვნებენ, რომ პირობები შესრულდება.

პროფკავშირების ცნობითვე, სამუშაო პროცესი სრულად ხვალიდან, 3 ივნისიდან აღდგება, თუმცა „პარალელურად გრძელდება სამედიაციო ფორმატში მოლაპარაკებები სხვა დამატებითი შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

როგორც დასაქმებულები „ნეტგაზეთს“ უამბობენ, ისინი ვერ ახერხებენ შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიებით სარგებლობას — ვერ გადიან შვებულებაში, არ უხდიან ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას და ა.შ.

ვრცლად მათი სამუშაო პირობების შესახებ:

„ეს არის მონური შრომა“ – თბილისსა და ქუთაისში „ნაბეღლავის“ მძღოლები გაიფიცნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი