ახალი ამბები

„ეს არის მონური შრომა“ – თბილისსა და ქუთაისში „ნაბეღლავის“ მძღოლები გაიფიცნენ

21 მაისი, 2021 • 2554
„ეს არის მონური შრომა“ – თბილისსა და ქუთაისში „ნაბეღლავის“ მძღოლები გაიფიცნენ

თბილისსა და ქუთაისში კომპანია „ნაბეღლავის“ საწყობის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების ზრდასა და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მათი მონათხრობის თანახმად, დასაქმებულები ვერ ახერხებენ შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიებით სარგებლობას — ვერ გადიან შვებულებაში, არ უხდიან ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას და ა.შ.

გაფიცვა და მოთხოვნები

გაფიცვა ჯერ თბილისში დაიწყო: 20 მაისს, დილის 9 საათისთვის, დიდ დიღომში, „ნაბეღლავის“ საწყობთან კომპანიის დასაქმებული მძღოლები (80-მდე ადამიანი) მივიდნენ, თუმცა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადეს და კომპანიის წარმომადგენლებს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.

თბილისის საწყობის მძღოლებს მეორე დღეს, 21 მაისს, ქუთაისელი კოლეგები შეუერთდნენ. ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საწყობია, საიდანაც მარაგდება ბათუმი, ხულო და სხვა ქალაქები (კიდევ ერთი საწყობი მდებარეობს ქალაქ ზუგდიდში). თბილისის და ქუთაისის საწყობების მუშაობა შეჩერებულია. მოთხოვნები ქუთაისშიც იგივეა.

ძირითადი მოთხოვნა ხელფასის მომატებაა. როგორც „ნეტგაზეთს“ თბილისის აქციაზე შეკრებილმა დასაქმებულებმა უთხრეს, მათი ხელზე ასაღები შრომის ანაზღაურება არის 637 ლარი, რასაც მცირედი ბონუსები ემატება.

„ნეტგაზეთს“ ქუთაისში ერთ-ერთ დასაქმებული  ეუბნება, რომ მათი პირობებიც მსგავსია: საბაზისო ანაზღაურებას დამატებული ბონუსები, რაც 200-230 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჯამში, მათ მიერ მიღებული თანხა დაახლოებით 850 ლარის ფარგლებში გამოდის.

გაფიცულები ხელზე ასაღები ხელფასის 1000 ლარამდე ზრდას და ბონუსების სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.

საქსტატის ოფიციალური (2020 წლის) მონაცემებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1227 ლარია [ამ რიცხვის გამოანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან: რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი]

დამსაქმებელი

„ნეტგაზეთი“ ცდილობს ნაბეღლავის მწარმოებელ კომპანია „წყალი მარგებელთან“ დაკავშირებას, რათა დამსაქმებლის ოფიციალური პოზიცია გავიგოთ გაფიცვასა და მოთხოვნებზე.

„წყალი მარგებელი“ სააქციო საზოგადოებაა, რაც ნიშნავს, რომ აქციების მფლობელების ვინაობა საჯარო რეესტრის საჯარო ბაზაში ხელმისაწვდომი არ არის. „ნაბეღლავის“ გარდა „წყალი მარგებელი“ აწარმოებს „ბახმაროს“, „ჯეო ნატურას“, „ბუღას“ და ა.შ.

კომპანიის გენერალური დირექტორი ავთანდილ სვიმონიშვილია, დირექტორი კი- გრიგოლ გოგოლაძე.

როგორც „ნეტგაზეთისთვისაა“ ცნობილი, გაფიცული მძღოლების უშუალო დამსაქმებლად შრომით ხელშეკრულებებში ფიქსირდება არა „წყალი მარგებელი“, არამედ შპს ენგადი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ენგადის“ 100%-იან წილს ფლობს სააქციო საზოგადოება „მარგებელი“. მისი დირექტორიც გრიგოლ გოგოლაძეა. ამასთან, კომპანიის ელფოსტად მითითებულია იგივე მისამართი, რაც „წყალი მარგებლის“ შემთხვევაში. სავარაუდოდ, კომპანიებს ერთი და იგივე საბოლოო ბენეფიციარ(ებ)ი ჰყავს.

როგორც დასაქმებულები გვეუბნებიან, 21 მაისის დილას კომპანიის წარმომადგენელმა, ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმა, მათ შესთავაზა ხელფასების 900 ლარამდე მომატება + 400 ლარამდე ბონუსები, თუმცა გაფიცულებს სურთ, კომპანიის უფრო მაღალმა მენეჯმენტმა დაუდასტუროს ეს თანხები, რათა რეალური გარანტია ჰქონდეთ. ამბობენ, რომ ასეთი სიფრთხილის გამოჩენის საფუძველს წინა გამოცდილება აძლევთ.

„ელემენტარულს გეტყვი, ხელფასი თავიდან გვქონდა 600 ლარი. გვითხრეს, გიმატებთო და ახლა რაც გვაქვს, ეგ მოგვიმატეს. მაგრამ მაგის მერე მე-13 ხელფასი, რაც მანამდე გვქონდა, აღარ მოუციათ. ანუ ეს მე-13 ხელფასი გადაგვინაწილეს 12 თვეზე. ვითომ მოგვიმატეს“, – ამბობს თბილისში გაფიცული ერთ-ერთი დასაქმებული.

საქმე და პირობები

„ჩვენი მოთხოვნა არის პირობების გამოსწორება. წლებია, აქ ვმუშაობთ. ზოგიერთი 10 წელზე მეტიცაა მუშაობს. შვებულება რომ შვებულებაა, ის არა აქვს ხალხს“, – გვეუბნება 36 წლის დავით კუცია, თბილისის საწყობის ერთ-ერთი გაფიცული მძღოლი.

„მე რომ მუშაობა დავიწყე, 80 თეთრი ღირდა ნაბეღლავის ერთი ბოთლი. ახლა ღირს ლარი და ოცი. სხვა პროდუქტებზე არაფერს ვიტყვი. ყველაფერი იმატებს ჩვენი ხელფასის გარდა“, – ამბობს იგი.

„ჩვენთან, ქუთაისში, 10 კაცი ასრულებს 50 კაცის საქმეს“, – გვეუბნება ქუთაისის საწყობის ერთ-ერთი დასაქმებული, რომელმაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა.

დასაქმებულების თანახმად, მათი სამუშაო ასეთია: თავდაპირველად ნაბეღლავის (გურიის) ქარხნიდან ტრაილერებს თბილისისა და ქუთაისის საწყობებში მიაქვთ დაფასოებული ბოთლები; ამის შემდეგ მძღოლების სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება და არავინ იცის ზუსტად, როდის შეიძლება დასრულდეს, იმის მიუხედავად, რომ კონტრაქტში კვირაში 48-საათიანი სამუშაო დღეები აქვთ გაწერილი.

„ვატარებთ კომპანიის კუთვნილ „ჰიუნდაებს“, რომელთა ტვირთამწეობაც (ანუ ტვირთის მასა, რომლის გადასაზიდადაც გაანგარიშებულია ავტომობილი) არის 3-4 ტონა, და ჩვენ ვზიდავთ 9-10 ტონას ყოველდღიურად. მძიმეა, 5 ტონა მაინც რომ იყოს, კიდევ მესმის. ასეთი დატვირთული მანქანის ტარება სარისკოა, აბა, რა არის“, – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული ქუთაისის ბაზიდან.

მისი თქმითვე, ქუთაისში 30 მანქანა მუშაობს, რაც არასაკმარისია, თუმცა 5-6 მანქანის დამატებაც ბევრს შეცვლიდა დასაქმებულებისთვის:

„5-6 მანქანის დამატება უნდა, წაიღებს მერე, რამდენიც იქნება წასაღები და იმუშავებს. მუშაობა აქ არავის ეზარება, უბრალოდ მოტივაცია უკვე დაკარგული აქვს ხალხს. იმიტომ, რომ მონური შრომაა. დილას მიდიხარ, სახლში როდის დაბრუნდები, არ იცი, 9-მდე ვერ მორჩები. იცი, რომ 10 ტონა დაცალო… ამას კი არ უყურებენ. არ გინდა? წადი! ეგაა პასუხი. საქართველოში ვართ ქართველების მონები“, – ამბობს იგი.

ზეგანაკვეთური შრომა და შვებულება

ხელფასების მომატებასთან ერთად, გაფიცულების მოთხოვნაა, შრომის პირობები გაუმჯობესდეს, — აუნაზღაურონ ზეგანაკვეთური შრომა და დამატებითი ვალდებულებების შესრულებისთვისაც მისცენ დამატებითი ანაზღაურება. ასევე, კუთვნილი შვებულება მისცენ.

„ამ სამი თვის წინ რომ მოვედი საწყობში, საღამოს 7 საათზე, მთელი დღის ნამუშევარი, კიდევ დამახვედრეს ახალი პარტია. ხომ შეიძლება, დაიმატონ? რომ ადგილზე ჰყავდეთ მძღოლი. ამ სიცხეში და ყინვაში რაღატომ უნდა დავრჩე 11-12 საათამდე მორიგე მძღოლად. თან არც თანხას გაძლევენ დამატებითს და ერთი ზედმეტი ბოთლი არ მოუწოდებიათ. ახალ წლებზე 20 ლარიც არ მოუციათ, რომ წაგახალისონ“, – ამბობს თბილისში გაფიცული კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი.

„მარტო კვირას ვისვენებთ, გრაფიკი მოწესრიგებული არა გვაქვს“, – ამბობს თემურ ქვათაძე, ერთ-ერთი გაფიცული.

„რომ ვიწყებდით მუშაობას, გასაუბრებაზე რომ ვიყავი, ასე მითხრეს: შენ არაფერი არ შეგეხება, მძღოლი ხარ, მანქანას ატარებ, ოღონდ დატვირთვაში უბრალოდ მოეხმარებიო. და რეალურად ჩვენ გვიწევს ნახევარჯერ მუშაობა. წესით და კანონით, მძღოლს საერთოდ არ უნდა ეხებოდეს საქონლის გადატვირთვა, თავისი ფუნქცია აქვს. მძღოლს უნდა ჰყავდეს დამხმარე კაცი. კი, გვიშვებენ ხოლმე 2-2-ს, მაგრამ ზოგჯერ მესამეც საჭიროა ხოლმე. იმიტომ, რომ მძღოლს საერთოდ არ უნდა ეხებოდეს ეს საქმე. ორმაგი შრომა გამოგვდის. პირადად მე, მაგალითად, მანქანაზეც ვზივარ და „ტავარიც“ შემაქვს მაღაზიაში“, – ამბობს ქვათაძე.

„ნეტგაზეთს“ აქციაზე შეკრებილები ეუბნებიან, რომ გარდა იმისა, ზეგანაკვეთურ შრომას არ უნაზღაურებენ, არ უნაზღაურებენ არც უქმე დღეებში შრომას და არც შვებულების გამოყენების საშუალება ეძლევათ:

„უქმე დღეებში რომ ვმუშაობთ, ანაზღაურება ხომ უნდა მოგვცენ? რამდენი უქმე დღე იყო ამ წლების განმავლობაში, არცერთი დღე არ აუნაზღაურებიათ. შვებულებაც არა გვაქვს აღებული-მეთქი“, – ამბობს დავით კუცია.

კიდევ ერთი დასაქმებული, ბექა, გვეუბნება: „4 წელია აქ ვმუშაობ და ერთხელ ვარ გასული მარტო შვებულებაში. ეგეც, ფაქტობრივად, ძალით. მამიდა დამეღუპა და მაგიტომ, განა დასასვენებლად“, – გვიამბობს იგი.

21 მაისიდან გაფიცულებს პროფკავშირების გაერთიანების (GTUC-ის) წარმომადგენლები შეუერთდნენ და მათი ინტერესების დაცვას დაჰპირდნენ. GTUC-ის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ 21 მაისს კომპანიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პროფკავშირების ჩართულობით დასაქმებულებთან მოლაპარაკებებზე, — როგორც ბორჯომის გაფიცვის შემთხვევაში.

მისი განმარტებით, დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასის მატების შესახებ გახმიანებული შეთავაზება ბუნდოვანია და არა აქვთ ნდობა, რომ ეს პირობა შესრულდება. სწორედ ამიტომ სჭირდებათ გარანტია, რომ მათი ინტერესები იქნება გათვალისწინებული, საამისოდ კი პროფკავშირები გაუწევს მათ დახმარებას.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ენგადის“ ლოჯისტიკის სამსახურის უფროსს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მოუცლელობის გამო ვერ გვესაუბრება. მისგან პასუხის მიღების და კომპანიის მარკეტინგის სამსახურთან დაკავშირების შემთხვევაში მასალა განახლდება.


„ნეტგაზეთი“ გირჩევთ, გაეცნოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი